,,პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება”- ლევან დავითაშვილი Georgian Airways-ს სანქცირებაზე

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი უკრაინის მხრიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას ეხმიანება. მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის გადაწყვეტილებაზე შესაბამისი რეაქცია ექნება.

,,პირველ რიგში ცალსახად უნდა ითქვას, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკურად განპირობებული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ძალიან ბევრი ავიაკომპანია დაფრინავს რუსეთში და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან მსგავსი რეაქცია ან გადაწყვეტილება სხვა შემთხვევაში არ ყოფილა. შესაბამისად, სამწუხაროა ითქვას, რომ მორიგი ძალიან არამეგობრული გადაწყვეტილება ვიხილეთ ჩვენ უკრაინის ხელისუფლების და ასეთ ფაქტები გვქონდა ჩვენ წინა შემთხვევებშიც, როცა საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს ე.წ. სანქციები დაუწესა უკრაინამ. ცალსახად მიუღებელია, ეს არ ჯდება ქვეყნებს შორის ურთიერთობის იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს და უკრაინას გააჩნია. ამაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ჩვენი ოპოზიციონერების ხელიც ურევია, რადგან ჩვენ ვიცით, რამდენად დაკავშირებულია ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი უკრაინის ხელისუფლებასთან და ალბათ, საფუძველი სწორედ ეს აქვს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც არასწორად ხდება ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობას მხოლოდ აზიანებს და არანაირად არ არგებს,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები