,,გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა”- რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი დეპუტატები, ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიგრაციული პროცესები საგანგაშო სახეს იღებს. რომან გოცირიძის განცხადებით, ამ კატასტროფული მდგომარეობის გამოსწორების ერთადერთი გზა არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა.

„ხდება შრომისუნარიანი ჩვენი მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვება და მათ ადგილს უცხო ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ. გასულ წელს საზღვარგარეთ დარჩა 46 397-ით მეტი საქართველოს მოქალაქე, ვიდრე დაბრუნდა. ეს ყველაზე მაღალი მიგრაციის უარყოფითი სალდოა ბოლო 22 წლის განმავლობაში, რაც მსგავსი სტატისტიკა იწარმოება.

2021 წელს ანალოგიური მაჩვენებელი 40 825 იყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეების მიგრაციის უარყოფითმა სალდომ 87 222 შეადგინა, რაც მეტია, ვიდრე გორისა და ზუგდიდის მოსახლეობა ერთად აღებული. მხოლოდ გასულ წელს 101 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე დარჩა საქართველოში საცხოვრებლად, აქედან 62 ათასი რუსეთის მოქალაქე”, – განაცხადა გოცირიძემ.

 

მსგავსი თემები