გზების დეპარტამენტი – ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია ინტენსიურად გრძელდება.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაუმოწმებელ და არასწორ ფაქტებზე აგებულ სიუჟეტს.

პირველ ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტყუილია თითქოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია 8 წელი მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ტენდერი 2017 წელს გამოცხადდა, სამუშაოები კი 2018 წელს დაიწყო. სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სამშენებლო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამუშაოები 2021 წლის დასაწყისში განაახლა ახალმა კონტრაქტორმა. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საერთაშორისო შესყიდვების წესით ჩატარებულ ტენდერებში გამარჯვებული და დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული კომპანიები ახორციელებენ.

მაღალმთიანი რეგიონისათვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობები ზღუდავს სამუშაოების შესაბამისი ტემპით განხორციელებას. ამჟამად, სამუშაოები გრძელდება და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია, ჯამში, 42 კმ გზას უტარდება. სამუშაოები ორ მონაკვეთადაა დაყოფილი. პირველ და მეორე მონაკვეთებზე, ამ დროისთვის, მიწის ექსკავაციის, საყრდენი კედლებისა და წყალგამტარი ნაგებობების მოწყობა უკვე ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად, მიმდინარეობს 4 ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა. ამ ეტაპზე, პირველ მონაკვეთზე შესრულებულია სამუშაოების 40%, ხოლო მეორე მონაკვეთზე – 70%.

გზის ერთი მონაკვეთის მშენებლობა 2023 წელს, ხოლო მეორე მონაკვეთის მშენებლობა, ეტაპობრივად, 2024 წელს დასრულდება.

სიცრუეა ისიც, თითქოს კომპანიას უკვე მიღებული აქვს 90 მილიონი ლარი. სამუშაოების საერთო ღირებულება 95 689 302 ლარია, საიდანაც, ხელშეკრულებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ანაზღაურებულია მხოლოდ 45 056 866 ლარი.

ამასთან, რთული რელიეფისა და გეოლოგიური პირობების გამო, 17 უბანზე განვითარებულია მეწყერი. ინტენსიურად მიმდინარეობს ამ უბნების შესწავლისა და საპროექტო გადაწყვეტილებების დამუშავება. 8 მეწყრული უბნისთვის უკვე გამოცხადებულია მშენებლობის ტენდერი.

პროექტის დასრულებმდე, არსებულ გზაზე, ავტოტარნსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, პერიოდულად ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.

სიუჟეტის მომზადებამდე ტელეკომპანიას საავტომობილო გზების დეპარტამენტთან არ გადაუმოწმებია ინფორმაცია პროექტის შესახებ, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტის მიზანი კვლავ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული ოპოზიციური პარტიების ინტერესებს ემსახურებოდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები