„არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა“ – ნიკა გვარამია

პატიმრობიდან გათავისუფლებულ ნიკა გვარამიას პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვია. როგორც გვარამია აცხადებს, ის უდანაშაულოა და ამას დაამტკიცებს.

“მთავარი, რასაც მე გავაკეთებ, ეს იქნება იმ სირთულეებიდან „მთავარი არხის“ გამოყვანა, რომლშიც ის იმყოფება, თუმცა მე არ ვაპირებ, რომ „მთავარ არხს“ ვუხელმძღვანელო. მე ვიქნები მისი დამფუძნებელი, როგორც ვარ ახლა.  გავაკეთებ იმას „მთავარი არხისთვის“, რაც შეიძლება სხვას არ შეეძლოს, არც „მთავარ არხზე“ და არც სხვაგან. ეს, პირველ რიგში, ეხება მის გამოყვანას ფინანსური კრიზისიდან, მაგრამ „მთავარ არხს“ უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი.

არ ვიცი მე ჯერჯერობით ჩემი ურთიერთობა ტელევიზიასთან როგორც ჟურნალისტის, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ არანაირი გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული. რაც შეეხება იმას, საერთოდ რას გავაკეთებ, გულწრფელად გეტყვით, ციხეში მე ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება, ზოგადად არაფერთან დაკავშირებით არ მიმიღია, იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია კონტექსტი, იმის შეგრძნება რა ხდება სინამდვილეში გარეთ”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავს.

„არ ვთვლიდი და დღემდე არ ვთვლი, რომ შეწყალება უნდა მეთხოვა, რადგან ჩემი თავი უდანაშაულო მგონია. ამაში დარწმუნებული ვარ და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამას აუცილებლად დავამტკიცებ”, – განაცხადა გვარამიამ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები