,,დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა?”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, პროპაგანდა და დეზინფორმაცია მრავალმხრივი, სხვადასხვამხრივი გამოწვევაა და  მარტო რუსეთზე გადაბრალება სწორი და სერიოზული არ არის.

„მიხეილ სააკაშვილის წელიწადნახევრიან დეზინფორმაციულ ეპოპეას თუ ავიღებთ, როცა საუბარი იყო, თითქოს ის მოწამლეს, აწამეს და ასე შემდეგ, ეს დეზინფორმაციული პროპაგანდა დასავლეთიდან მოდიოდა, რუსეთიდან ხომ არ მოდიოდა? ამ შემთხვევაში, რასთან გვაქვს საქმე. ამხელა, წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანია იყო, შემდეგ კიდეც ვნახეთ, რომ დაფინანსებული კამპანია იყო. ამერიკულ თუ ევროპულ მედიაში იბეჭდებოდა ყალბი სტატიები, პოლიტიკოსები თუ ე.წ. ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სიყალბეს ავრცელებდნენ. ჩამოდიოდნენ ყალბი ექიმები, ყალბი იურისტები, ყალბი ნობელის პრემიის ლაურეატები, მათ შორის ადამიანები, რომლებსაც მაღალი თანამდებობები უკავიათ და ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული იყვნენ საქართველოს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდაში. დეზინფორმაცია კარგი და ცუდი არ არსებობს. დეზინფორმაციულ გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, არ უნდა განვასხვაოთ, თითქოს რუსული დეზინფორმაცია ცუდია და დასავლეთიდან მომდინარე დეზინფორმაცია კარგია. ყველა დეზინფორმაცია ცუდია. სამწუხაროა, რომ ხშირად „ენჯეოები“, რომლებიც დეზინფორმაციას ებრძვიან, ჩუმდებიან და ხმას არ იღებენ, როცა დეზინფორმაცია დასავლეთიდან მომდინარეობს,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა: ,,ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ რაც უფრო დაყოფილია საქართველო, ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, რუსეთია. რუსული დეზინფორმაცია და პრორუსული დეზინფორმაცია, რომელიც აგრძელებდა ამ ქვეყნის დაბნევასა და დაყოფას გასული სამ-ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან სახიფათოა“.

მსგავსი თემები