ულტიმატუმის ვადა დასრულდა, კინოცენტრის დირექტორი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიმდებარედ შეკრებილი აქციის მონაწილეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ხუბუნაიამ მათთან შეხვედრა არ მოისურვა. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, კობა ხუბუნაია 18:00 საათამდე კინემატოგრაფებს შეხვედროდა.

როგორც კინორეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ განაცხადა, საქართველო რუსულ პრინციპს მიჰყვება.

„ვინც იხდის ფულს, ის უკვეთს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის საპირისპირო,  ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის… კინოცენტრის მთავარი პრინციპია კინოს სახელმწიფო დაფინანსებით სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქონდეს. დღეს რა მოხდა და რა პრობლემაა? მთავარი, ალბათ, მაინც დირექტორის დანიშვნის წესია. ქართული კინოცენტრი დამყარებული იყო პრინციპზე, რომ პროფესიონალები, კინოსთან დაახლოებული ადამიანები, გარკვეული ვადით ირჩევდნენ დირექტორს. დირექტორის დანიშვნის წესზე ჩვენ არაფერი ვიცით. საიდან? როგორ? მაგრამ ის, რომ ეს ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული, ეს ნათელია.  ჩვენ ისევ და ისევ რუსულ პრინციპს მივყვებით – ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას, მაგრამ ხელოვნება არის ზუსტად საპირისპირო – ვინც იხდის ფულს, ის ქმნის გარემოს, სადაც შემოქმედი თავის მუსიკას ქმნის. ეს არის ყველაფრის თავი და თავი“ – აღნიშნა ლანა ღოღობერიძემ.

მისი შეფასებით, ხელოვნება ხელისუფლების კუთვნილება არ არის. ხელოვნება მუდმივი კატეგორიაა, ხელისუფლება კი – დროებითი.

შეგახსენებთ, რომ კინემატოგრაფები რამდენიმე დღეა კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, კობა ხუბუნაიას დანიშვნასა და მის მიერ ცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებას აპროტესტებენ.

აღნიშნულთან დაკავშიებით დღეს კულტურის სამინისტრომ განცხადებას გაავრცელა.

„კობა ხუბუნაია ბადრაგი არასდროს ყოფილა“ – კულტურის სამინისტროს განცხადება

მსგავსი თემები