კულტურის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კინოცენტრის გარშემო უსაფუძვლო აჟიოტაჟმა  კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს.

„2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. მოცემული რეორგანიზაციის მიზანია, კინოცენტრის არსებული მენეჯმენტისა და ბიუროკრატიული პროცესების გაჯანსაღება/გამარტივება კინოხელოვანთა და კინოს ინტერესების გათვალისწინებით, ხოლო რეფორმა, რომლის კონკრეტული შინაარსიც რეალურად საქმით დაინტერესებული პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის მიერ უნდა განისაზღვროს, გულისხმობს დღეს არსებულ ფინანსური მართვის სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრა-გაუმჯობესებას, სახელმწიფო თანხების ხარჯვის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის მიღწევას, ასევე, ნეპოტიზმის აღმოფხვრას, კონკურსების გამართული და მეტად სამართლიანი მოდელის დანერგვას, საერთაშორისო ასპარეზზე ქართული კინოს კიდევ მეტად წარმოჩენას, კერძო ინვესტორების მოზიდვაში ხელოვანთა მხარდაჭერას, კოპროდუქციებისათვის ხელშეწყობას, ახალი თაობის კინოხელოვანთა ხელშეწყობას და, საბოლოო ჯამში, კინოცენტრის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერებას.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც – მომავალში.

როგორც 2023 წლის 7 ივნისს წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მის მიერ 2022 წელს დარგის მოწვეული სპეციალისტების მიერ შემუშავებული სახელოვნებო განათლების რეფორმა ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისათვის, ასე იქნება ამ შემთხვევაშიც. სამინისტრო კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, არაერთი თვის მანძილზე, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. მხოლოდ, კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას.

მოცემულ და სხვა თემებზე კონსტრუქციული დიალოგისათვის, სამინისტრო სხვადასხვა დაინტერესებულ პირთან და პირთა ჯგუფთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია კინოცენტრის დროებით მმართველზეც.

,,ზემოხსენებული რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც სამომავლო რეფორმის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ აუცილებლად ჩათვალა დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის, ბატონი კობა ხუბუნაიასთვის ეთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ვერც სამინისტროსათვის, ვერც მინისტრისა და ვერც კობა ხუბუნაიასთვის უარყოფითი ეპითეტები ზემოაღწერილი რეფორმის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორი ვერ იქნება.

ამასთან, გარდა უარყოფითი ეპითეტებისა და შეურაცხყოფისა, ბოლო დღეებში, გაისმა განცხადება იმასთან დაკავშირებითაც, თითქოს კობა ხუბუნაია ციხეში მუშაობდა ბადრაგად. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯაროდ უდასტურებს პატივისცემას ყველა იმ ბადრაგს (ესკორტის ოფიცერს), პენიტენციური სისტემის კონტროლიორს, სამედიცინო პერსონალსა და ნებისმიერ სხვა თანამშრომელს, რომლებიც, 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, სამაგალითო სტანდარტით იცავენ პატიმრების უფლებებს ჩვენს პენიტენციურ დაწესებულებებში. სწორედ მათი შრომის შედეგია ის, რომ ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. შესაბამისად, დღეს უწოდო ვინმეს ბადრაგი, ჩვენს თვალში მხოლოდ კომპლიმენტია. ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა, 2012 წლის ოქტომბრამდე, ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე. ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული. ასევე ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს. რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის.

დავუბრუნდეთ ბატონ კობა ხუბუნაიას, რომელსაც, დღეს უკვე კომპლიმენტად ქცეული სიტყვა ბადრაგი არ შეეფერება, რადგან მსგავს პოზიციაზე არასოდეს უმუშავია. ბატონი კობა ხუბუნაია 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას იკავებს და მისი ამ თანამდებობიდან გათავისუფლება არ იგეგმება. შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში მისთვის ამჟამად დაკისრებულ ფუნქციებს. სამინისტრო მადლიერია, რომ ის დათანხმდა, გარდამავალ პერიოდში, ტექნიკური და ამავდროულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული და ფინანსურ-ეკონომიკური ფუნქციები ეკისრა კინოცენტრში ამ უკანასკნელის მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

ქართული კინოს ზოგიერთ გულშემატკივარს განვუმარტავთ, რომ ბატონი კობა ხუბუნაია პროფესიით ეკონომისტია. ის სხვადასხვა დროს გახლდათ ეკონომიკური სამსახურის მრჩეველი და ეკონომიკური სამსახურის უფროსი სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში, სააგენტოს უფროსის მოადგილე ეკონომიკური მიმართულებით სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში და ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი საქმის ცოდნითა და პატიოსნებით,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები