წყლის, დენისა და გაზის ფასი არ შეიცვლება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში სექტორების რეგულირების შედეგებზე ისაუბრა. როგორც სემეკ-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, ტარიფების ცვლილება არ იგეგმება.

დავით ნარმანიამ ქვეყანაში წყალუხვობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ელექტროენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას ზრდის.

„2022 წელი უდანაკარგო წარმოების და ექსპორტის  წელი იყო, პრაქტიკულად, წყალი არ დაღვრილა. შესაბამისად, უფრო მეტი ენერგია გავიდა ექსპორტზე, ვიდრე იყო წინა წლებში. ექსპორტის მოცულობა გაცილებით დიდი იყო. იმპორტი იყო მინიმალური. ისიც, ძირითადად სისტემის დაბალანსებისთვის. აზერბაიჯანიდან განხორციელდა ბუნებრივი აირის იმპორტი და იმპორტირებული გაზით აწარმოეს იაფი ენერგია“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, ნარმანიას შეფასებით, ზრდა არ იგეგმება.

„რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფებს, ეს უკვე საკმაოდ დიდი ხანია უცვლელია. კომისიამ გასულ წელს გადახედა ელექტროენერგიის სექტორში ტარიფებს და დატოვა უცვლელი. ასევე, ჩვენ ბუნებრივი გაზის ტარიფები დავადგინეთ გასულ წელს, ეს არის 5 წლიანი ვადით და შესაბამისად, აქაც, ტარიფები დარჩა უცვლელი. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალშიც. მინიმუმ 1 წელი, წელიწადნახევარი, ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით ისევე როგორც ბუნებრივი გაზის ნაწილში“ – აღნიშნა დავით ნარმანიამ მედიცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები