არასრულწლოვანი გოგოს მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით – პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ჯ.ჰ. და 1981 წელს დაბადებული გ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით
დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ჯ. ჰ.- მ ცოლად შერთვის მიზნით, 2007 წელს დაბადებულ ს.კ. – ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ
დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული გ.ა. -ც. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა. სამართალდამცველებმა ჯ.ჰ. და გ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები