მერია უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს – ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას დაიწყებს. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასფალტის საფარი 1 600 მეტრ სიგრძეზე დაიგება.

მისი თქმით, პროექტის პირველ ეტაპზე, მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.

„ბოლო წლებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ, თუმცა ცხადია, უამრავი გამოწვევა არსებობს და ეტაპობრივად მივყვებით. გვინდა, ყველა იმ ქუჩისა და გამზირის მოწესრიგება-განახლება მოხდეს, რომელიც პრობლემურია და პრიორიტეტულია. 10 ივნისიდან ვიწყებთ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციას. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც საკმაოდ დატვირთულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პირველ რიგში, შესაცვლელია მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს და მოწესრიგებას საჭიროებს. 1 600 მეტრის სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარი და გარე განათების ქსელი. დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწისქვეშ განთავსდება. ტერიტორიაზე ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა
ადაპტირდება შშმ პირებისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივნისიდან უნივერსიტეტის ქუჩის ერთ მხარეს ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

 

მსგავსი თემები