პრეზიდენტის განცხადებით რუსეთში, მტრის ხელში 19 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვია  

უკრაინის პრეზიდენტის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებულ სისასტიკეზე საუბრობს. პრეზიდენტი ყურადღებას ბავშვებზე ამახვილებს და აცხადებს, რომ რუსულმა ტერორმა ასობით შვილის სიცოცხლე შეიწირა, ათასობით კი ტყვეობაში რჩება.

„დადგება დრო, როცა მსოფლიოში ბავშვები, მათ შორის უკრაინაში დაცულნი იქნებიან ისეთი ბოროტებისგან, როგორიც რუსული ბოროტებაა… სამაშველო ოპერაცია დნიპროს რეგიონში, სადაც რუსულმა რაკეტამ სახლები გაანადგურა, უკვე დასრულებულია. დაშავდა 25 ადამიანი, მათგან ხუთი ბავშვია. მტკივნეულია ასეთი ცნობების მოსმენა, ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს, მეგობრებს. რუსულმა ტერორმა ჩვენი ასობით შვილი შეიწირა. მხოლოდ 24 თებერვლის შემდეგ, ფართომასშტაბიანი ომის დროს, ვიცით, რომ 485 ბავშვი დაიღუპა. ეს არის რიცხვი, რომელიც შეგვიძლია, ოფიციალურად დავადასტუროთ, რეალური რიცხვები კი უფრო მაღალია“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს არ არის სრული სურათი და საბოლოო მონაცემები.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს სრული ინფორმაცია რუსეთში დეპორტირებული ათასობით ბავშვის შესახებ. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა ძალისხმევით, დეპორტაციის შედეგად, უკრაინაში 371 ბავშვი დაბრუნდა.  ზუსტად ვიცით დაახლოებით 19 505 დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის შესახებ და ეს მხოლოდ ჩვენი პატარა უკრაინელების ნაწილია, რომლებიც ჯერ კიდევ მტრის ხელშია. ყველა უნდა დავიბრუნოთ”-აცხადებს პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები