„რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში“ – არჩილ თალაკვაძე

მმართველ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის – არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რდიკალური ოპოზიცია საკუთარი ხალხის და ქვეყნის ოპოზიციაში იმყოფება. მისი შეფასებით, 26 მაისის ღონისძიებას ყველა ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა და ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები ნამდვილად უადგილოა.

„ყველა კონსტიტუციური ხელმძღვანელი, ინსტიტუტის ხელმძღვანელი ესწრებოდა ამ ღონისძიებას – პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. შესაბამისად, ეს სპეკულაციები უადგილოა. იმ ადამიანებს, ვისაც გინდათ, რომ პოლიტიკური სკანდალი შექმნათ, მინდა, მოკრძალებით გირჩიოთ, გაიხსენოთ თქვენი ფავორიტი ლიდერები, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე დადიოდნენ შოპინგზე, სახელმწიფოს ხარჯზე იტარებდნენ რეკრეაციულ პროცედურებს, ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი სახელმწიფოებრივი რეალურად ფეხქვეშ გათელეს. ამიტომ, უადგილოა ასეთ მნიშვნელოვან დროს სპეკულაციები. ამ ყველაფერს შეგვიძლია, დავარქვათ მოკლე სათაური – რადიკალური ოპოზიცია დღეს დგას საკუთარი ქვეყნის ოპოზიციაში“ – აღნიშნა თალაკვაძემ მედიასთან.

მისი განცხადებით, ისინი ყველაფერ ეროვნულს ფეხქვეშ თელავენ.

„ის არ არის ხელისუფლების ოპონენტი, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობს. როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე იქცევიან ოპოზიციაში ყოფნის დროსაც. მაშინაც ყველაფერს ეროვნულს, ყველაფერს, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ფასეულობებს, ფეხქვეშ თელავდნენ, დღესაც არიან დაკავებული იმავე საქმით. ამიტომ ვუწოდებთ ჩვენ მას რადიკალურ ოპოზიციას“ – განაცხადა თალაკვაძემ.

 

მსგავსი თემები