„თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას

საპარლამენტო უმრავლესობას ისევ მავნებლობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დავაlებებს, რომელიც აქვთ მიღებული, არავინ გაატანინებს. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც უმრავლესობამ საგამოძიებო საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით მიიღო, არის ქართული სასამართლოს სოლიდარობა.

„საგამოძიებო კომისიის შექმნის პირობებშიც კი უამრავი ბერკეტია, რომ თქვენი მავნებლობა ვერ ჩაიდინოთ, ეს თქვენ იცით. ამიტომ არის ასეთი პრინციპული პოზიცია, რომ არ შეიქმნას კომისია და ამით ჩვენ გამოვხატოთ სოლიდარობა ქართული სასამართლოს მისამართით. ამას ვერ ხვდებით. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართულ სახელმწიფოს და ქართულ სასამართლოს, თქვენგან განსხვავებით. თქვენ დავალებებს არ გაგატანინებთ“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი შეფასებით, ოპოზიციამ პირველ რიგში ის უნდა გაიგოს, რომ არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე შეზღუდვები დაუწესდეს რომელიმე მოსამართლეს.

“ვინც არ უნდა იყოს შენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, პირველ რიგში, მას უნდა უთხრა, რომ არ შეიძლება დასანქცირდეს ან მესიჯის დარბილების თანახმადაც რომ ვთქვათ, არ შეიძლება, მტკიცებულებების გარეშე სავიზო შეზღუდვა დაუწესდეს ქვეყნის რომელიმე მოსამართლეს”.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში რეგისტრაცია მესამედ არ გაიარა, რის გამოც ქვორუმი ვერ შედგა და ოპოზიციის საკითხი კენჭისყრამდე ვერ მივიდა.

მსგავსი თემები