,,სტოლტენბერგის ვიზიტს აღვიქვამთ როგორც ნიშანს, რომ ნატო მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობაში”- ზელენსკი

,,იენს სტოლტენბერგის ამ ვიზიტს განვიხილავთ იმის ნიშნად, რომ ალიანსი მზად არის დაიწყოს ახალი თავი უკრაინასთან ურთიერთობებში,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რომელიც უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტით დღეს ჩავიდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ოთხი ძირითადი საკითხი განიხილეს – უკრაინის თავდაცვის ჯგუფის შეხვედრა რამშტეინის ფორმატში 21 აპრილს; პარტნიორების წახალისება გარკვეული ტიპის იარაღის მიწოდებისთვის; ნატოს ვილნიუსის სამიტის მომზადება, რომელზეც უკრაინაა მიწვეული, ასევე უსაფრთხოების გარანტიები უკრაინის ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.

„პირველი არის რამშტეინი, შეხვედრა, რომელიც ხვალ გაიმართება და გადაწყვეტილებები, რომლებსაც პარტნიორებისგან ველით. პირველ რიგში, ეს ეხება ჩვენი აქტიური მოქმედებების იარაღით მხარდაჭერას. რაც უფრო მეტად შეძლებენ ჩვენი ჯარისკაცების გადაადგილებას ფრონტის ხაზზე, მით უფრო მალე დაბრუნდება უკრაინასა და მთელ ევროპაში ყველაზე მნიშვნელოვანი – მშვიდობა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები