,,სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის განცხადებამ ხალხს დაანახა, მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი თავად ელჩი ყოფილა.

მისი თქმით,  ელჩის ინიციატივა სინამდვილეში, მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობისა და შემდგომი განვითარების რეფორმირების საკითხს, არამედ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას.

„ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხადა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ  საჯარო წყაროებით იხელმძღვანელა, ანუ მედიაში გამოქვეყნებული გარკვეული ინფორმაციით, რომელთა უკან არაფერი იყო ნათქვამი, რამდენად არის სანდოობა, რამდენად არის ფაქტებით გამყარებული ან რამდენად შეესაბამება რეალობას, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებაზე. საქართველოს მედია ისეთი დონის პლურალიზმით, მასალების სიჭრელით, სიმრავლით გამოირჩევა, რომ თუ ჩვენი მედიის ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება ნებისმიერ ადამიანს რამე ვერდიქტი გამოვუტანოთ, მერწმუნეთ, საქართველოში არც ერთი მოქალაქე არ დარჩება, რომელიც სანქციებს ასცდება, თუ ვინმე ამას მოინდომებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, კელი დეგნანმა განაცხადა: „კეზერაშვილმა გაავრცელა განცხადებები, რომლებშიც უარყოფს ბრალდებებს. ცხადია, მეტი ინფორმაცია და სამართლებრივი პროცესია საჭირო. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“.

 

მსგავსი თემები