,,დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში”- ირაკლი ღარიბაშვილი

“არასამთავრობო ორგანიზაციების და საელჩოების ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა 4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული,  4000-5000 საქმე იგზავნებოდა, წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე.

,,იმ დღეს, როცა გახდა „ქართული ოცნება“ ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი. მე ასევე მახსოვს ჩვენი საუბრები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, კოლეგებთან. მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლეების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, ჩვენ მოსვლის დღიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა” – განაცხადა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, დღეს სასამართლო სამაგალითოა მთელს ევროპაში.

“4 ტალღის რეფორმების შედეგი არის ის, რომ დღეს სასამართლო არის ერთ-ერთი სამაგალითო მთელს ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე, რამდენიმე დღის წინ ჩატარებული კვლევები. მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი სასამართლოს მიმართ, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. კიდევ ერთ მთავარ ინდიკატორს მოვიშველიებდი იმის სადემონსტრაციოდ, რომ რეალურად ჩვენი მოქალაქეები სამართალს პოულობენ საქართველოში. ამის მაჩვენებელია ის სტატისტიკა, რომელიც მინდა ახლა მოვიყვანო მაგალითისთვის. 2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული. 4000-5000 საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო?! იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილ იქნა მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი. ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები