,,ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობს”- თეა წულუკიანი

,,ვისაც არ ეზარება, საქართველოს გამოცდას უწყობენ. გამოცდაა, როდესაც ქვეყანას ეტყვი, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე,” – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ”გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე უარს და მის წინ დააყენებ მოლდოვასა და უკრაინას”.

„დანამდვილებით ვერ ვიტყვი, მაგრამ რატომღაც ასე მგონია, რომ არაერთი ჩემი თანამემამულის აზრს გამოვხატავ, თუკი ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას, ვისაც არ დაეზარება – მთავარია, არ დაეზაროს, იქნება ეს ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი თუ დასავლეთი – გამოცდებს უწყობენ. თუკი ჩრდილოეთისგან მიჩვეული ვართ და დღემდე ვებრძვით მშვიდობიანი მეთოდებით, სამართლებრივი მეთოდებით სტრასბურგსა თუ სასამართლოში ოკუპაციას, ჟლეტას, სისხლს, ჰორიზონტის სხვა მხარეებიც არ გვაკლებენ გამოცდას.

გამოცდაა, როდესაც შენ უსამართლოდ ეტყვი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე უარს და მის წინ დააყენებ მოლდოვასა და უკრაინას, რომლებიც ჩვენი მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ პროგრესისა და რეფორმების ჭრილში არიან ბევრად უკან, ვიდრე ჩვენი ქვეყანა და ხალხია. გამოცდაა ასევე, როდესაც შენ ჩვენს ქვეყანას ეტყვი, რომ შენ არავინ და არაფერს გეკითხება, შენი მოსამართლე შემიძლია, დავსაჯო ისე, როგორც მომინდება, მტკიცებულებების გარეშე. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მტკიცებულებებს, ვითხოვთ წესებით მოქმედებას, ვითხოვთ თანასწორუფლებიანობას. ეს იყო ქართველი კაცის მთავარი მიზანი მთელი მისი არსებობის მანძილზე, ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი პარტნიორი, მეგობარი თუ მოკავშირე. ეს არის დღეს ჩვენი მოთხოვნა.

რაც შეეხება იმას, რომ მოვდივარ და გსჯი, თუ ბიჭები ხართ, დაგვხვდითო. ამ ქვეყანაში ბიჭებიც არიან და, სხვათა შორის, გოგოებიც, და ეს ყველაზე ტრაგიკულად გამოჩნდა სწორედ 9 აპრილს, როდესაც საქართველოს თავისუფლებისთვის სისხლი არა მხოლოდ მამაკაცებმა, არამედ პატარა გოგოებმაც დაღვარეს. ჩვენ ამ პატარა გოგოების საქმეს დღემდე ვაგრძელებთ და მინდა, ყველა დარწმუნებული იყოს, ჰორიზონტის რომელ მხარეშიც არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წყარო: პირველი არხი.

მსგავსი თემები