„კაცად დავიბადე… კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩამიდენია“ – დასაქცირებული მოსამართლე

უვადოდ გამწესებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის განცხადებით, მას კანონდარღვევა არასდროს ჩაუდენია და ბრალდებები, რაც მისი დასანქცირების მიზეზი გახდა, მოგონილი და თითიდან გამოწოვილია.

„არავის არ უკითხავს, რატომ მიიღო სასამართლომ ესა თუ ის გადაწყვეტილებები, ხომ… ხოდა, რომ ეკითხათ, ვთქვათ, რომ რატომ მიიღო სასამართლომ, შეიძლება, სასამართლოს ეთქვა თავისი არგუმენტი. კაცად დავიბადე, არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია. მიცხოვრია ადამიანურად, კორუფციაში მე არა ვარ და ყოველთვის ვიღებდი იმ გადაწყვეტილებებს, რაც მიმაჩნდა სწორად და კანონიერად. ნუ, ახლა, რა ვქნათ, რაც არის, ეს არის, რა”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

მისივე  თქმით, მოტივაცია, რაც მის დასანქცირებას მოყვა – კორუფცია,  აბსურდია და რაც ხდება, სასამართლოს წინააღმდეგ შეტევაა.

„ეს იყო სასამართლოს წინააღმდეგ შეტევის დამაგვირგვინებელი ფაზა.  ვერ მოახერხეს სასამართლო სისტემაში შემოღწევა, არასამთავრობოებით შეტევა, ვერ მოახერხეს ვერაფერი და  მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით თქვეს, რომ  კორუფცია არის შირმა.  რამე ხომ უნდა დაეწერათ. ამ დროს მიმართავენ სხვა მოსამართლეებს და ეუბნებიან, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ-ო. ეს არის პირდაპირი ჩარევა სასამართლოზე.  ეუბნებიან, თუ ისე მოიქცევით, როგორც ჩვენ გვინდა, პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ ისე მოიქცევით და მიიღებთ გადაწყვეტილებებს, რაც ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, ისე მოგექცევით, როგორც მოვექეცით ლევან მურუსიძეს“ – ასეთია ლევან მურუსიძის შეფასება მის დასანქცირებაზე.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ ქართველ, უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევლენ. იგივე სანქციები ვრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც.

მსგავსი თემები