„პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს“ – ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დასანქცირებაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის -ირაკლი კობახიძის  განცხადებით, გასაგებია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოზე ფიქრით არ სძინავს თუმცა, ის განცხადებები, რაც მან ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით გააკეთა, კორუფციულ პროცესებზე მიანიშნებს.

კობახიძემ აღნიშნული განცხადება აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირების შემდეგ გააკეთა.

„კორუფციაზე იყო საუბარი ამ განცხადებაში და ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები. კორუფციაში როგორც მოგეხსენებათ, მარტო ფული არ იგულისხმება და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პირდაპირ სახელმწიფო მდივანი ბლინკენი გასვარეს ასეთი განცხადების დადებისას, რაც არის ძალიან ცუდი, ძალიან მძიმედ მეტყველებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ასეთი ინფორმაცია მიაქვთ სახელმწიფო მდივნამდე“ – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, ბლინკენთან უხეში დოკუმენტები მიაქვთ.

„ჩვენ ყველას გესმის, რომ ენტონი ბლინკენი საქართველოზე ფიქრით არ იძინებს და არ იღვიძებს, მას ბევრად მეტი საქმე აქვს. როდესაც მასთან მიაქვთ ასეთი უხეში დოკუმენტები, ეს არის ძალიან მძიმე და ეს მეტყველებს კორუფციულ პროცესებზე, რომელიც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს“ – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთხ ქართველ უვადოდ გამწესებულ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. ისინი და მათ ოჯახი წევრები შტატების ტერიტორიაზე ვერ შევლენ.

 

მსგავსი თემები