„პუტინმა დაადასტურა მზაობა, რუსეთი მზადაა, დაიწყოს მოლაპარაკების პროცესი“ – ჩინეთის ელჩი

ჩინეთის ელჩის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, უკრაინასთან არსებული კონფლიქტი პოლიტიკური დიალოგის გზით გადაწყდეს. როგორც ჭოუ ციენმა „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აღნიშნული მზაობა დაადასტურა.

„ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტი სი ძინფინგი რუსული მხარის მიწვევით ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. სი ძინფინგსა და პუტინს შორის უკრაინის კრიზისის შესახებ გულწრფელი და ყოვლისმომცველი დიალოგი გაიმართა. პრეზიდენტმა სიმ აღნიშნა, რომ ისტორიულად კონფლიქტები ყოველთვის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით წყდებოდა. რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით მეტი სივრცე უნდა დარჩეს მშვიდობისთვის, რაც უფრო მწვავეა დაპირისპირება, მით მეტი ძალისხმევა უნდა დაეთმოს დიალოგს. თუ ყველა მხარე საერთო, ყოვლისმომცველი, თანამშრომლობითი და მდგრადი უსაფრთხოების კონცეფციით იხელმძღვანელებს და დიალოგისა და მოლაპარაკებების პროცესში თანასწორობას, გონივრულობას და პრაგმატულობას შეინარჩუნებს. უკრაინაში კრიზისის გადაწყვეტის რაციონალური გზა აუცილებლად გამოინახება“ – აღნიშნა ელჩმა.

ჭოუ ციენის შეფასებით, პრეზიდენტი მზადაა მოლაპარაკების აღდგენისთვის.

„პრეზიდენტმა პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მოლაპარაკებების რაც შეიძლება მალე აღდგენის თაობაზე მზადყოფნა და მოწონებით მიიღო ჩინეთის სურვილი აქტიური როლი ითამაშოს უკრაინის კრიზისის პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებაში“ – აღნიშნა ჭოუ ციენმა.

მსგავსი თემები