„არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს“ – პოდოლიაკი კობახიძეზე  

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრობს და ურჩევს, ომის თემაზე კომენტარები საერთოდ არ გააკეთოს.

პოდოლიაკი ირაკლი კობახიძეს ურჩევს, კარგი იქნებოდა, შეესწავლა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა.

„საქართველომ უნდა დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია და შეეცადოს ომი თემაზე კომენტარი არ გააკეთოს. ეს საქართველოსთვის სტრატეგიული თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი იქნებოდა. მეორე, რა თქმა უნდა, არ უნდა აჩვენო ასეთი დონის უცოდინრობა და თქვა, რომ რუსეთი იგებს ამ ომს.  სამდღიან ომში რუსეთი, რა თქმა უნდა, „იმარჯვებს“, რა თქმა უნდა. სასურველი იქნებოდა, ბატონი კობახიძე თუ შეისწავლიდა, როგორ წაუვიდა საქმე პუტინს და მის გეგმას, რომ უკრაინას სამ დღეში დააჩოქებდა. ჩვენ ერთი წელია ომში ვართ და რუსეთს არ აქვს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება.  კითხვა იმაშია, რამდენად სწრაფად გაიქცევა რუსეთი უკრაინის ტერიტორიიდან. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში შევძლებთ ამაზე კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მისივე შეფასებით, ქართულ მხარესთან ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს.

„აზრი არ აქვს რაიმეზე საუბარს (გარდა დიპლომატიური დონისა) მთავრობასთან, რომელსაც 2008 წლის მტკივნეული ტრავმა აქვს გამოვლილი. მიუხედავად ამისა, მისი მიდგომაა, რომ „ჩვენ გვესმის რუსეთის და მას აქვს უფლება მოკლას ადამიანები უკრაინაში“,- განმარტავს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ,  ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო 1-2 კვირის განმავლობაში უკრაინულ მხარეს არცერთი დასახლება არ აუღია, რუსულმა მხარემ მინიმუმ ბოლო 1 კვირაში 10-მდე დასახლება აიღო, რაც აჩვენებს, რომ უპირატესობა ამ ეტაპზე რუსულ მხარეს აქვს.

 

მსგავსი თემები