,,ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა, იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა”- ბადრი ესებუას ადვოკატი

,,როგორც მაქვს ინფორმაცია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა,” – ამის შესახებ ,,საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა.

ამასთან, ადვოკატმა განმარტა თუ რატომ იმალებოდა ბადრი ესებუა ამ დროის განმავლობაში.

„გუშინ პირველად ვნახე და შესაბამისად, მქონდა გაცნობითი ხასიათის საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ თემაზე, რაც ეხებოდა მისი სისხლის სამართლის საქმეს. მისი პოზიცია ცნობილია, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისი განმარტებით, ეს დანაშაული არ ჩაუდენია და შემხებლობა ამ დანაშაულთან არ აქვს.

ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და “ენადირათ” ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა”, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა.

მსგავსი თემები