დიაბეტი, წნევა, ღვიძლის გაცხიმოვნება – დაავადებები რომელიც ჩაკეტილობამ ბავშვებშიც აქტუალური გახადა    

წნევა, გულსისხძარღვთა პრობლემები, ღვიძლის გაცხიმოვნება და სხვა დაავადებები, რომელიც ადრე მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში განიხილებოდა, დღეს, „კოვიდ პანდემიის“ გამო სახლში ჩაკეტილი ბავშვების პრობლემებად იქცა. რა დაავადებებმა იმატა ბავშვებში და რა როლი აქვს როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოს, ბავშვთა ენდოკრინოლოგმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს  ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ადრე ასოცირდებოდა, რომ პუტკუნა ბავშვი კარგი მოვლილი იყო, კარგად კვებავდნენ, ჯანმრთელი იყო და ასე შემდეგ.  სიმსუქნე არის ურთულესი დაავადება, ძალიან რთული გართულებებით. ბავშვების შემთხვევაში, ყველა ორგანოთა სისტემა ზიანდება. ჩვენ რომ გვგონია, რომ მაღალი წნევა, ცუდი ლიპიდური ცვლა, გულსისხლძარღვთა პრობლემა, ღვიძლის გაცხიმოვნება, ბებია-ბაბუას ჯანმრთელობას უნდა აღწერდეს, ეს არის უკვე რეალობა ბავშვებსა და მოზარდებში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  მეორე ტიპის დიაბეტი, ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის გაცხიმოვნება, თირკმლის კენჭები, სახსრების დაზიანება და სუნთქვის გაძნელება, თავის ტკივილი,  სხვა ყველა ორგანოთა სისტემასთან ასოცირებული დარღვევა არის გამოწვეული პირდაპირ სიმსუქნისგან, რასაც პანდემიამ ხელი შეუწყო და სახლში, კომპიუტერთან მიჯაჭვული ბავშვების მთავარ პრობლემად იქცა“ – განაცხადა ნინო ხელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.    

ენდოკრინოლოგის თქმით, მთავარი მთავარია პრევენცია, რაშიც როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოს თავისი როლი უნდა ჰქონდეს.  

„პირველ რიგში, მთავარია პრევენცია. თითოეული გრამისთვის, თითოეული კილოგრამისთვის, თითოეული საათი ვარჯიშისთვის მშობელმა ძალიან ბევრი, დაუღალავად  უნდა  იბრძოლოს. არის გარკვეული ვალდებულებები, რომელიც აკისრია მშობელს და ოჯახს, თუმცა, სახელმწიფო დონეზეც უნდა მოხდეს ხელშეწყობა, რომ არ გავრცელდეს სიმსუქნე და ის ზიანი, რაც შეიძლება ამ კარანტინის პირობებშია უდგებოდეს ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობების ჯანმრთელობას, შესაძლებელია, სამომავლოდ ბევრად გადაწონიდეს თუნდაც კოვიდის რისკებს ინდივიდუალურ პაციენტებში“ – აღნიშნა ენდოკრინოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.”

მსგავსი თემები