დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები – პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინეს.

უწყების ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 7 პირის მიმართ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ.

გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს.

ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოში, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 596 612 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს”, – ნათქვამია განცხადებაში

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები