,,არ მინდა ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში”- ხატია დეკანოიძე

,,საქართველოს მოქალაქეებს, დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არ აქვს მომავალი თუ საქართველოში კვლავ იქნება პოლიტიკური შურისძიება, არ აქვს მომავალი თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკვდება იმ ჰოსპიტალში, რომლშიც ის დღეს იმყოფება” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო იმსხურებს გაცილებით მეტს, გაცილებით უფრო სხვას, ვიდრე დღეს მას სთავაზობს პოლიტიკური კლასი.

,,ძვირფასო მეგობრებო, უმრავლესობის წარმომადგენლობა, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამტკიცებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ცუდად და მისი ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი საუბრები ან ის რაზეც ექიმები საუბრობდნენ იყო პოლიტიკური სპეკულაცია. გუშინ მისმა მკურნალმა ექიმმა მე მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება „ვივამედიდან“ სასამართლომდე არის შეუძლებელი იმიტომ, რომ ის არის ძალიან ცუდად და ვერ აიღებს პასუხისმგებლობას თვითონ სამედიცინო დაწესებულება, რომ ამ მცირე მონაკვეთში რამე სახის ლეტალური შედეგი არ დადგებოდა. და ეს არ არის ჩვენი დანიშნული ექიმი, ეს არ არის ოჯახის დანიშნული ექიმი და ეს არ არის ექიმი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე პარტიას საქართველოში, ეს მითხრა მისმა მკურნალმა ექიმმა.

ამ ადამიანმა დაკარგა 40 კილოგრამი ჰოსპიტალში. ამ ადამიანს აღენიშნება ყველა კიდურის ტრემორი. ეს ადამიანი არის სიკვდილის პირას და არ აქვს დიაგნოზს მნიშვნელობა. თუ ჩვენ სპეკულაციას ვეწევით და ხატია დეკანოიძე იქიდან გამოსული, სპეკულაციას ეწევა, რატომ მითხრა მე მისმა მკურნალმა ექიმმა, რომ ამ ადამიანის გადაყვანა სასამართლოში არ შეიძლებოდა?

ძვირფასო მეგობრებო, მე არ მინდა ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში. ჩვენ მომავალი არ გვექნება! მე, მაგალითად, ნამდვილად არ მინდა ივანიშვილი ამ მდგომარეობაში ვიხილო“,- განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები