საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატირა ავრცელებს.
,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 23 ნოემბერს, ქ. მარნეულში, „ლენდ-როვერის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ქვეითთა გადასასვლელზე ფეხით მოსიარულე არასრულწლოვანს შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.