,,სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებლად უთხრეს საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე”- კახა კალაძე

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისგან ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მკაფიო გზავნილები, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ პროგრესისა და წინგადადგმული ნაბიჯების დანახვა, რასაც საქართველომ ევროპულ გზაზე მიაღწია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აღიარება, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე.

„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტო მზად არის, აღნიშნული 12-პუნქტიანი გეგმა იყოს შესრულებული. მნიშვნელოვანი იყო იმის აღიარება, რომ პოზიტიურია ძვრები სასამართლო რეფორმის მიმართულებით. სწორი ნაბიჯებია გადადგმული ეკონომიკური კუთხით, რომ კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო მოწინავე ქვეყანაა. ეს ყველაფერი ჩვენმა მოსახლეობამ კარგად იცის, კარგად იცის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას, რაც გვაძლევს ეკონომიკურ განვითარებას. ასევე ძალიან კარგად იცის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ამ რთულ გზაზე, რასაც ევროპა, ევროინტეგრაცია ჰქვია, რამდენად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და რამდენი მიღწევა არის. ასევე კარგად იცის, იმ გულისტკივილის ფასი, როდესაც სრულიად უსამართლოდ, დაუმსახურებლად უთხრეს საქართველოს უარი კანდიდატის სტატუსზე“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ოლივერ ვარჰეის პოზიტიური გზავნილები და სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატული მზაობა, არის კიდევ ერთი დასტური, რომ „ჩვენ ვართ სწორ გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად“.

„რაც შეეხება ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პირველ პრიორიტეტს დეპოლარიზაცას, აქაც ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით, თუმცა ეს ცალმხრივი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო რადიკალურ ოპოზიციას, რომ დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში ჩაერთოს და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების პროცესი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღოს ამ ყველაფერში მონაწილეობა“, – განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები