,,პრეზიდენტმა აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და გვარამია გაათავისუფლოს.

„ნიკას თავისუფლება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ნიკას თავისუფლება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, მათ შორის 12 პუნქტის შესასრულებლად, ვინაიდან ნიკას თავისუფლება პირდაპირ წერია ევროპარლამენტის რეზოლუციაში და ასევე, პირდაპირ წერია 12 პუნქტში, რომ მედიათავისუფლებისთვის ნიკას თავისუფლება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ნიკას დამოკიდებულება ვიცი ამ საკითხისადმი, გავაგრძელებ ჩემს მოწოდებას და მინდა, პრეზიდენტს ღიად მოვუწოდო, რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აიღოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და მიმართვის შემთხვევაში, რასაც ჩვენ მოვიფიქრებთ აიღოს პასუხისმგებლობა და ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. ეს არ ეხება მხოლოდ მის პოლიტიკურ შეხედულებებს, ეს ეხება საქართველოს ევროპულ მომავალს, თორემ ნიკა გვარამია თავისუფალია. მან აჩვენა ყველაზე უფრო გამორჩეული მხნეობის მაგალითი. უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იგი მოუწოდებს პოლიტიკურ სუბიექტებს პასუხისმგებლობის აღებისკენ, ახლა დროა, მან საკუთარი პასუხისმგებლობა გაითავისოს და გამოიყენოს შეწყალების მექანიზმი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მსგავსი თემები