,,სარგებელი, რომლის მიღებაც საელჩოს საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის”- ,,ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეპუტატები საქართველოში ამერიკული დაფინანსების შესახებ საუბრობენ. მოძრაობის წევრები მიიჩნევენ, რომ სარგებელი, რომლის მიღებაც საელჩოს საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.

,,ამერიკელების მიერ საქართველოში დახარჯული თანხები, სინამდვილეში, დახმარებაზე მეტად, საქართველოში ამერიკული ინტერესების რეალიზებას უფრო ხმარდება. თუმცა, რადგან საელჩო სიმართლეს არ ამბობს და ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ხალხს სიმართლე ვუთხრათ და ყველაფრის სწორად გაანალიზების საშუალება მივცეთ. ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობა, ისევე, როგორც ბევრ სხვა ქვეყანასთან, ორმხრივია და ორმხრივი სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, ხალხმა ზუსტად იცოდეს, რა არის სარგებელი, რომელსაც ამერიკა საქართველოსგან ელის. ეჭვი გვაქვს, რომ როდესაც საელჩო „ქართული ოცნების“ პროამერიკულად განწყობილ ხელისუფლებას წლების მანძილზე ებრძოდა და „ნაციონალური მოძრაობით“ მის ჩანაცვლებას დაჟინებით ცდილობდა, სარგებელი, რომლის მიღებაც მას საქართველოსგან უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, რათა ამ ადამიანებმა, 2004-12 წლების მსგავსად, ქვეყნისთვის საზიანო ნებისმიერ დავალებას თვალდახუჭულებმა მოაწერონ ხელი.

საელჩო შედარებით გულწრფელი იქნებოდა, დახმარების ნაცვლად, თუნდაც, პარტნიორობაზე რომ გვესაუბრებოდეს. რა თქმა უნდა, ამერიკასთან ჯანსაღი პარტნიორობა ჩვენთვის მისასალმებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებთან გულწრფელი პარტნიორული ურთიერთობა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო და ვფიქრობთ, რომ ამგვარი პარტნიორობა გაცილებით შედეგიანი და მეტი სარგებლის მომტანი იქნებოდა ორივე ქვეყნისთვის. თუმცა, როცა პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, აქაც ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენთვის მიუღებელია, ისინი პარტნიორობაზე გვესაუბრებოდნენ, როდესაც საქართველოზე დახარჯული ფულით სასამართლო სისტემის დანგრევას ცდილობენ, პარალელური ხმის დათვლის შედეგებს აყალბებენ ან მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის ფორმირებას ითხოვენ. როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ამერიკელების სტრატეგიული ამოცანა საქართველოში – სასამართლო სისტემის დანგრევა თუ მისი დამოუკიდებლობის განმტკიცება, არჩევნების სამართლიანი შეფასება თუ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება, მთავრობის გაძლიერება თუ მისი გადატრიალება, სიმშვიდე თუ არეულობა, მშვიდობა თუ მეორე ფრონტი და ა.შ.

რომ შევაჯამოთ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, ამერიკელები საქართველოში სინამდვილეში რა თანხას და რა მიზნობრიობით ხარჯავენ. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მიმართ მეტი გულწრფელობა გამოიჩინონ და მოხმარებას დახმარება აღარ უწოდონ. ბოლოს, როდესაც პარტნიორობაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, ამ პარტნიორობის შინაარსი მკაფიოდ იყოს გარკვეული და მხარდაჭერასა და ზიანის მიყენებას შორის მკაფიო ზღვარი გაივლოს. მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება, გამოიღოს პარტნიორობამ ორმხრივად სასარგებლო შედეგი“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

,,საელჩო ახლაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს”- ,,ხალხის ძალა” – (mcm.ge)

მსგავსი თემები