,,საელჩო ახლაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს”- ,,ხალხის ძალა”

,,საუბარი იმაზე, რომ ქველმოქმედების გამო გვეხმარებით და ქართველი ხალხი ამ „დახმარების“ გამო თქვენს მიმართ თვალდახუჭულ მადლიერებას უნდა გამოხატავდეს, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია,” ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათვამი.

დეპუტატების თქმით, ,,გასული 30 წლის მანძილზე, ამერიკა დახმარებაზე მეტად, საქართველოს საკუთარი სახელმწიფო ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა”.

,,მთლიანობაში, „ნაციონალური მოძრაობის“, ანუ ამერიკული აგენტურის ხელისუფლებაში მოსაყვანად და მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად, 2000-იანი წლების დასაწყისიდან 2012 წლამდე ამერიკელებმა 2 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯეს. ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შედეგები იყო: ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების გაუპატიურება, წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, რეპრესიული მანქანის სამსახურში ჩაყენებული სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, მონოპოლიზებული მედია, ადამიანების დამახინჯებული ფსიქიკა და მრავალი სხვა მანკიერება, რომლის მძიმე დაღი ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, სამწუხაროდ, დღემდე ამჩნევია. ამ უმძიმესი ზიანის მატერიალური ღირებულება ამერიკული მხარის მიერ დახარჯულ 3,5 მილიარდზე ათჯერ და ოცჯერ მეტიც კი შეიძლება იყოს. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ნაციონალების ხელისუფლებაში მოყვანასა და შენარჩუნებაზე დახარჯულ 2 მილიარდს დახმარებაში რომ გვითვლიან, რბილად რომ ვთქვათ, სრულიად მიუღებელია.

ყველაზე მძიმე კი ისაა, რომ საელჩო ახლაც იგივე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს და 2013 წლიდან დახარჯული მილიარდი დოლარის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამას ხმარდება. ცნობილია, რომ 2012 წლის შემდეგ დახარჯული ფულის უდიდესი ნაწილით ის ენჯეოები დაფინანსდა, რომლებიც გასული ორი წლის განმავლობაში რევოლუციურ პროცესებში უკვე ორჯერ დაუფარავად იყვნენ ჩართული. სამწუხაროდ, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შედეგიც ისევ რეპრესიები, ავტორიტარიზმი და ახალი ომი იქნება, რაც ქვეყანას განადგურებას უქადის. შესაბამისად, ვერც იმას დავუშვებთ, 2012 წლის შემდეგ საქართველოზე დახარჯულ თანხებს დახმარება უწოდოთ,”- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები