სამშობლოს ღალატის და ოკუპანტებთან თანამშრომლობის ბრალდებით უკრაინაში 600-ზე მეტი საქმე აღიძრა 

ვინც რუსეთს უკრაინის საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს, სამშობლოს ღალატისთვის დაისჯება. უკრაინის პრზიდენტის განცხადებით, სამშობლოს ღალატის ბრალდებით უკვე 651 სს საქმე აღიძრა. პრეზიდენტი ზელენსკი პასუხისმგებლობას ჰპირდება ყველას, ვინც რუსეთს საიდუმლო ინფორმაციას გადასცემს და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. მან გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაც მიიღო.

„პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის 60-ზე მეტი თანამშრომელი დარჩა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მუშაობს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. უკრაინის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს უქმნის შესაბამის ლიდერებს. თითოეული ეს კითხვა მიიღებს სათანადო პასუხს.  მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური პროკურორისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაყენების შესახებ. დღეს რუსეთიდან მორიგი განცხადება გავრცელდა უკრაინისთვის სავარაუდო „განკითხვის დღის“ შესახებ.

რა თქმა უნდა, ასეთ დაშინებას არავინ მიიღებს. მაგრამ ნახეთ, რა ცინიკურია იმავეს თქმა დღეს – რუსეთის მიერ მალაიზიური „ბოინგის“ განადგურების მომდევნო წლისთავზე უკრაინის დონბასის ცაში. აშკარა ტერორისტულ აქტს 298 ადამიანი ემსხვერპლა, 80 ბავშვი, ათი სახელმწიფოს მოქალაქეები. რუსეთი მაშინაც მიდიოდა ამ გზაზე – ტერორისტული სახელმწიფოს სტატუსამდე და სპეციალურ ტრიბუნალამდე, რომელიც აუცილებლად იქნება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. ეს რუსეთისთვის განკითხვის დღე იქნება. და არა გადატანითი მნიშვნელობით, არა როგორც ხმამაღალი გამონათქვამი, არამედ სიტყვასიტყვით.

ნამდვილად შესაძლებელია ყველა რუსი ომის დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა, ყველა კოლაბორანტის, ტერორზე პასუხისმგებელი ყველა ადამიანის, ყველაფრისთვის, რაც ხდება 144 დღე და რვა წელზე მეტი“, – აცხადებს ვოლოდიმირ  ზელენსკი.

 

 

მსგავსი თემები