ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება და აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ.
„ქართველმა ხალხმა იცის, რა არის რუსეთი და მისი არაფერი სურს. ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნებამ” და მისმა დე ფაქტო ლიდერმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველო რუსეთთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ტყუილებისა და პროპაგანდის გაშლით, თითქოს აშშ ცდილობს, საქართველო რუსეთს დააპირისპიროს უკრაინის გამო. ეს აშკარად სიგიჟეა“ – აცხადებს ყოფილი კონგრესმენი.
მისივე განცხადებით, მათ ხელახლა წარადგინეს “უცხოური აგენტების შესახებ კანონი”, რომელმაც უნდა აიძულოს არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტებად დარეგისტრირდნენ.
„კანონი „მოიხარშა“ “ქართული ოცნების” ბატონების მიერ მოსკოვში. საპასუხოდ, ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდა, მოხდა სასტიკი დარბევა. მაგრამ ამან მხოლოდ გაამყარა ქართველი ხალხის სიმტკიცე და კიდევ მეტი ადამიანი გამოიყვანა ქუჩებში. ახლა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მთავრობაში აღარ ვარ, მაგრამ კარგად ვიცნობ საქართველოს და მის ხალხს და მე მიყვარს ეს ქვეყანა. როგორც საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელი, მოკითხვას გადავცემ ქუჩებში გამოსულ ადამიანებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მხრიდან სასტიკ ზეწოლას ეწინააღმდეგებიან. ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, თქვენს გვერდითაა. თქვენს ხმას, ქართველების ხმას, ვერასდროს ჩაახშობენ”, – აცხადებს კინზინგერი.