მათაც შეეძლოთ ამოეღოთ ჯიბიდან ფული, ხალხზე თუ ზრუნავენ – დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაზე

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობის მოგვარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივა არ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს, რადგან ბანკების მიმართ არალოიალობა ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროსაც იჩენდა.

დეპუტატის თქმით, მეორე მხრივ არაფერია ცუდი იმაში, არჩევნების გამო ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხალხს შვებას თუ აგრძნობინებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, “ნაციონალურმა მოძრაობამაც” წინასაარჩევენოდ ბევრი ვაუჩერი დაარიგა, რომელთა განაღდებასაც მოსახლეობას სამომავლოდ ჰპირდებიან.

“მათაც შეეძლოთ, თუ ზრუნავდნენ მოსახლეობაზე, ამოეღოთ ჯიბიდან ფული. მახსოვს 2008 წელს, არჩევნებში ვმონაწილეობდი და “ნაციონალური მოძრაობა” თავის შტაბებში პირდაპირ იბარებდა ხალხს და დენის და გაზის გადასახადს უხდიდა. მაშინ არ არსებობდა ძველი ვალების ჩამოწერის პრაქტიკა. მერე, ეტყობა დაიღალნენ, არჩევნების პერიოდში ძველი ვალების გადახდით და მიიღეს კანონი, რომლის თანახმად სამწლიან ვალებს ჩამოწერდნენ“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

​დეპუტატი, ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებს ურჩევს, სანამ ხელისუფლების რომელიმე ქმედებას გააპროტესტებენ, ჯერ თავიანთ წარსულს გადახედონ. რამდენად პატიოსანი და სამართლიანი იყო მათი ქმედება.

“არჩევნების გამო თუ ხდება ვალის ჩამოწერა, მომხრე ვიქნები, ყოველ წელს იყოს არჩევნები. ბანკები უნდა მივაჩვიოთ იმას, რომ კანონს გვერდი კი არ აუქციონ, კანონმორჩილება ისწავლონ. ბანკებს არაპროფილური საქმიანობა ფორმალურად ეკრძალებათ, მაგრამ სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ამას. ექსპრემიერის კვირიკაშვილი ხელს უწყობდა ბანკების გამსხვილებას და  მათ კიდევ უფრო გამდიდრებას. ყველაფერი ორიენტირებული იყო საბანკო სფეროს გაძლიერებაზე”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, როცა ბანკები სესხებს გასცემენ, მეტი პასუხისმგებლობა უნდა გააჩნდეთ მოსახლეობის მიმართ, უნდა გადაიხედოს მსესხებლებთან დადებული მათი კონტრაქტები, რომლებიც ქვეყანას თითქმის ფეოდალიზმში აბრუნებს.

“თითქმის ფეოდალიზმში გვაბრუნებს ის კანონები, რომლებიც ბანკებს აქვთ გაფორმებული მსესხებლებთან. არის ასეთი საბანკო სერვისი – სიცოცხლის დაზღვევა. მაგრამ ვერც ერთ შემთხვევას ვერ მოიყვანთ (განსაკუთრებით საქართველოს ბანკი გამოირჩევა), რომ გარდაცვლილი ადამიანის სესხი გადაიხადა სადაზღვევო კომპანიამ. პრაქტიკულად ყოველთვის, ისევ გარდაცვლილის ოჯახს უწევს ამ ვალის გასტუმრება. ამის გამო, ხშირად ოჯახები უსახლკაროდ რჩებიან. ამ კითხვაზე პასუხი არ გააჩნია ეროვნულ ბანკს”, – აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები