ფული ისეთი პროდუქტია, რომელზეც ადამიანი უარს არასდროს ამბობს – დავით ჭიჭინაძე

სახელისუფლებო პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ყოფილი წევრი, პარლამენტის დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ვალების ჩამოწერის ღონისძიებას დადებითი ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ის გამყარებული იქნება ჭარბვალიანობის  წინააღმდეგ მიმართული ქმედითი ნაბიჯებით.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, ფული ისეთი პროდუქტია, რომელზეც ადამიანი უარს არასდროს ამბობს, ამიტომ ქვეცნობიერში მოქალაქეებს ექნებათ განცდა, რომ კიდევ თუ აიღებენ ვალებს, სახელმწიფო მათ იმ ვალსაც ჩამოაწერს.

“600 ათას ადამიანს ვალი თუ შეუმცირდება, ეს ძალიან კარგია, იმ ადამიანებისთვისაც და ქვეყნისთვისაც. მით უმეტეს, როცა საუბარია პრაქტიკულად უიმედო, არაფრით უზრუნველყოფილ ვალებზე. შესაბამისად მეორე ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეს ადამიანი ისევ ხაფანგში არ აღმოჩნდნენ”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მისივე შეფასებით, ძალიან ბევრი ოჯახისთვის მართლა შვება იქნება ამ ვალების ჩამოწერა, მაგრამ ეს ვერ გაზრდის “ქართული ოცნების” პოლიტიკურ შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, თუ მანამდე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება არ დადგა ქვეყანაში.

დავით ჭიჭინაძე განმარტავს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე მამუკა ბახტაძე, ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრი თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში საუბრობდა. მისი პოზიცია მკვეთრად განსხვავდებოდა მისივე წინამორბედი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკის ექსმინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის პოზიციებისგან.

“მამუკა ბახტაძეს იმ პერიოდშიც ჰქონდა სხვადასხვა ინიციატივები. მისი მაშინდელი განცხადებები რადიკალურად განსხვავდებოდა მაშინდელი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილისა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებებისგან, რომლებიც ბანკირების მხარეს იყვნენ. მამუკა ბახტაძეს მაშინ ჩემი მხარდაჭერა ჰქონდა, რომ ბანკების მიმართ ბევრად უფრო არალოიალურ პოზიციას იკავებდა. მიაჩნია, რომ ჩვენი ეკონომიკის ბევრი პრობლემა ბანკებს და მათ არაკეთილსინდისიერ საქმიანობას უკავშირდება. პრემიერის ამ ინიციატივას არჩევნებს ვერავინ დაუკავშირებს, თუმცა, ცუდი ამაში არაფერია, თუ არჩევნების გამო ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიცია ხალხს შვებას აგრძნობინებს”, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები