“ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი, მაჟორიტარული კი კარგი სისტემაა” – თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიესალმება პროპორციული საარჩევნო მოდელის ჩავარდნას და ფიქრობს, რომ ქვეყანას სტაბილურობისთვის მაჟორიტარული სისტემა სჭირდება.

თეა წულუკიანის თქმით, ნულოვანი პროპორციული სისტემა, მაჟორიტარულისგან განსხვავებით, რისკის მატარებელია.

“ვფიქრობ, კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე არ ვიცნობ ქვეყანას, სადაც არის უბარიერო პროპორციული მოდელი. მითუმეტეს, ოკუპირებულ ქვეყანაში, სადაც ოპოზიციურ ძალას არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ ბოქლომებით ირბინოს. ჩემი აზრი არის ის, რომ ნულოვანი ბარიერი არის ძალიან დიდი რისკის მატარებელი და მაჟორიტარული სისტემა არის კარგი სისტემა.

2020 წლის და შემდგომი არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც ეს წერია კონსტიტუციაში, ეს არის შერეული მოდელი. პროპორციული ნაწილი გარკვეული ბარიერით და შესაბამისად, ეს არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და ოპოზიციას გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალა უწოდა.

„როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს რა თქმა უნდა ძალიან მძიმე, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ამაზე ჩვენ ბევრი დრო არ უნდა დავხარჯოთ, არც პოლიტიკოსებმა, არც საჯარო მოხელეებმა. ჩვენ ქვეყანა მისაყვანი გვყავს სტაბილურ და მშვიდობიან გარემოში 2020 წლის არჩევნებამდე, რომელსაც რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური ძალა მომზადებული შეხვდება. სოფლებში შეხვედრები კვლავ გრძელდება, მათ შორის მინისტრების მონაწილეობით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება და უხდება ის შერეული სისტემა, რომელიც არსებობს, სადაც არიან მაჟორიტარი დეპუტატები, პარტიული სიით არჩეული დეპუტატები და სადაც არსებობს ელემენტარული ჯანსაღი ბარიერი, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ ქვეყანაში სტაბილურობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები