„საქართველო აკეთებს ყველაფერს, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც ომში იმყოფება“- დარჩიაშვილი

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, ირაკლი კობახიძის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში.

„საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ უკრაინას დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით“- განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

მსგავსი თემები