„ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს“- პროკურატურამ ორ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის მუხლით ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ცნობით, ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს. ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით“- აცხადებენ უწყებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები