პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდს, კოვიდპანდემიის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათის გაგრძელებას სთავაზობენ.
მათი ინიციატივით პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები წარედგინება, რომლის მიხედვით, მცირე შემოსავლიანი გადასახადის გადამხდელები გარკვეული ვადით (6 თვით) კვლავ ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათით, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.
“კოვიდ-19-ის პანდემიის კრიზისმა გამოიწვია მთელი რიგი ეკონომიკური პრობლემები. შემცირდა ბიზნეს აქტივობა, ფუნქციონირება შეაჩერეს რიგმა საწარმოებმა, თითქმის ერთ წელიწადზე მეტია სრულად არ ფუნქციონირებს “ჰორეკა“ ბიზნესის სექტორი და ა.შ. ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლების მხრიდან თითქმის არ გადადგმულა არანაირი ქმედითი ნაბიჯი, რითაც მნიშვნელოვნად დამძიმდა ბიზნეს სექტორისა და ხალხის მდგომარეობა.
მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობა, თავის მხრივ, დღის წესრიგში აყენებს მცირეშემოსავლიანი პირებისათვის საგადასახადო ტვირთის შემსუბუქების აუცილებლობას და შესაბამისად, მათთვის საგადასახადო შეღავათის დაწესებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.