სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტები იკვეთება. კერძოდ, საუბარია შპს „კოლორპაკზე“, რომელმაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 1 600 000 აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი, 2014 წლის 15 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო. კრედიტზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივი თანადაფინანსება 24 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდებოდა.
როგორც მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში აცხადებენ, მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის N182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
მათივე ინფორმაციით, კრედიტის გაცემისა და შემდგომში მისი ხარჯვის მონიტორინგის მექანიზმების შესწავლის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გასცა განჩინება შპს “კოლორპაკის” სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე. სასამართლოს განჩინება კომპანიას შესასრულებლად ჩაბარდა მიმდინარე წლის 24 სექტემბერს.
“კომპანიიდან, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით მიღებულ თანხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ამოღება მიზნად ისახავს მხოლოდ ამ კონკრეტული პროგრამით მიღებული თანხების ხარჯვის მონიტორინგის შესწავლას და შპს “კოლორპაკს” არ ეზღუდება საქმიანობის შესაძლებლობა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება.