წარმატებული ქართველი, რომელიც ამერიკაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას კურირებს და „ეფ-ბი-აის“ შეთავაზებაც მიიღო – პროფილი „მედიაცენტრ მთავარზე“

ვინ არის წარმატებული ქართველი ქალი, რომელიც ჰილარი კლინტონის ჩარევით აშშ-ში დატოვეს და რომელიც ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, რომელიც მსოფლიო ხუთეულშია, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებას კურირებს. რა შეთავაზება მიიღო მან „ეფ-ბი-აი“-სგან, რატომ თქვა უარი და რატომ ვერ პოულობს ადგილს საკუთარ ფესვებზე – „მედიაცენტრი მთავარი“ გაგაცნობთ ამერიკაში მცხოვრები ქართველის, ნინო ტაბატაძის პროფილს.

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველო იბომბებოდა,  ცეცხლი გუგუნებდა… მიზანი ერთი იყო – განათლება, მაქსიმალური გამოცდილება და ამ გამოცდილების საქართველოში ინვესტირება. ნინო ტაბატაძე „მედიაცენტრ მთავართან“ იმ რთულ წლებს იხსენებს და ამაყობს, რომ მიზანი მიღწეულია.    

—————————————————

პირველი სემესტრი ვფიქრობდირა მიჭირს ასეთი რომ ასე ვიტანჯო, ჩავალ და დავბრუნდები სახლშიმეთქი

„საქართველოდან 2009 წელს წავედი.  წავედი კოლუმბიის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის დასაცავად –  სახელმწიფო მართვის მიმართულებით. მანამდე, თბილისში  ვმუშაობდი საჯარო სამსახურში. ვიყავი ამბიციური და ვთვლიდი რომ  თავი ამოვწურე და მეტი განვითარების საშუალება იქ არ იყო.  მინდოდა, მეტი მესწავლა. ჩავაბარე კოლუმბიის უნივერსიტეტის მისაღები გამოცდები და მიმიღეს, თუმცა საკმაოდ დიდი იყო გადასახადი, რასაც ვერ შევწვდებოდი. ერთდროულად ორ კონკურსში მივიღე მონაწილეობა:  საქართველოს პრეზიდენტის რეფორმებისა და განვითარების ფონდში და მსოფლიო ბანკში.  რამდენიმე ეტაპი გადავლახე და ორივე გრანტი მოვიპოვე. თუმცა მსოფლიო ბანკის გრანტი დავიტოვე, რადგანაც იგი სრულ პროგრამაზე იყო გაწერილი და სწავლის ხარჯების გარდა ცხოვრებასა და სტიპენდიასაც მოიცავდა. როცა გამოცდებს ვაბარებდი, საქართველოში 2008 წლის ომი მძვინვარებდა.   მახსოვს უცხო ენის გამოცდა თბილისში ვერ ჩავაბარე რადგან საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრები დაკეტილი იყო და ბაქოში მომიწია გამოცდისთვის წასვლა.  

თავად გამოცდის პროცესი ხომ სტრესულია და შენს კედლებში და შენს სახლში რომ არ აბარებ და სადღაც სხვა ქვეყანაში ხარ, ეს უფრო დიდი სტრესი იყო.  საბოლოოდ, გავედი და მსოფლიო ბანკის სრული დაფინანსება მოვიპოვე. თუმცა მქონდა ვალდებულება რომ სწავლის დამთავრების შემდეგ ჩამოვსულიყავი საქართველოში და საჯარო სამსახურში მემუშავა,  იქ მიღებული ცოდნა აქ გამომეყენებინა“ – იხსენებს ნინო.

მედიაცენტრი მთავარი: გასაგებია, რომ ურთულესი გზა გაიარე, თუმცა, არანაკლები სირთულეებია, როცა მიდიხარ სხვა კონტინენტზე და იმ სამყაროში აღმოჩნდები, სადაც არც შენს განათლებას აქვს ფასი და არც შენს გამოცდილებას, რადგან იქ სხვა კონკურენციაა…

ნინო ტაბატაძე: აბსოლუტურად ასეა. ჩავედი, სტიპენდიაც მქონდა, მაგრამ, თავიდან ძალიან რთული იყო. საქართველოში ძალიან კარგი და წარმატებული სტუდენტი ვიყავი, მაგრამ იქ რომ კონკურენციაა, ისეთი აქ წარმოუდგენელია.  მაგალითად, რომ მეგონა საკურსო თემა საუკეთესოდ  დავწერე, აღმოჩნდა, რომ ამაზე არავინ გადაირია და სხვა უფრო უკეთესმა ტვინმა ბევრად უკეთესად დაწერა.  მახსოვს, რომ პირველი სემესტრი ვფიქრობდი – რა მიჭირს ასეთი რომ ასე ვიტანჯო, ჩავალ და დავბრუნდები სახლში-მეთქი.

საერთოდ არ მეძინა. ჩვენი განათლების სისტემა და იქაური საერთოდ სხვადასხვაა. მაგალითისთვის, სტატისტიკის საფუძვლები იქ ბავშვებს სკოლაში ჰქოდათ ნასწავლი, მე საერთოდ არსად არ მქონდა ნასწავლი. ისეთ დაბრკოლებებს ვაწყდებოდი, ერთი მომენტი წამოსვლა და ყველაფრის მიტოვებაც კი ვიფიქრე. თუმცა, რადგანაც დაფინანსებული სტუდენტი ვიყავი, სწავლის შეწყვეტის შემთხვევაში ჩემთვის გადახდილი თანხა სპონსორისთვის უნდა დამებრუნებინა, რასაც ვერ შევძლებდი. ამიტომ დავრჩი და გავაგრძელე სწავლა. თუმცა მეორე სემესტრიდან უკვე შევეჩვიე გარემოს და ისე აუტანლად აღარ მეჩვენებოდა. არც კონკურენცია იყო მთლად დაუძლეველი და გადაულახავი.  საბოლოოდ მიზანს მივაღწიე, ავიღე  სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარიხის“.

—————————————

ჰილარი კლინტონის როლი

გრანტის სანაცვლოდ, ჩვენს რესპონდენტს სწავლის დასრულების შემდგომ საქართველოში დაბრუნება და მიღებული ცოდნის საჯარო სექტორში გამოყენება ევალებოდა. თავდაპირველად ეს პირობა სულაც არ ეჩვენებოდა მტკივნეულად, რადგანაც ირწმუნება, რომ ამერიკაში დარჩენაზე და იქ ცხოვრებაზე არასდროს უოცნებია. სწავლის შემდეგ თბილისში დაბრუნებას ისედაც სიხარულით აპირებდა. თუმცა, მისი გეგმები შეიცვალა, როდესაც ნიუ იორკში თავისი ბავშვობის მეგობარს შეხვდა და გარკვეული დროის შემდეგ ოჯახის შექმნა გადაწყვიტეს. ის  გახდა ამერიკის მოქალაქის მეუღლე, ხოლო სწავლის დამთავრებამდე ამერიკის პატარა მოქალაქეც გააჩინა. არსებულმა მდგომარეობამ დღის წესრიგში დააყენა მისი საემიგრაციო სტატუსის შეცვლა.

„ვინც კი იგებდა რომ J1 ვიზა მქონდა, რაც სამშობლოში 2 წლით დაბრუნებას მოითხოვდა, მე კი ამ ვალდებულების მოხსნა მინდოდა, ყველა გიჟს მეძახდა. ადვოკატიც კი ვერ ავიყვანეთ, გვეუბნებოდნენ აუცილებლად წავაგებთ და ფულს ტყუილად გადაგვიხდითო. ადვოკატიც და ადამიანიც რომელსაც სჯეროდა რომ ყველაფერი გამოგვივიდოდა, ჩემი მეუღლე იყო. მას ბოლომდე სწამდა რომ ამერიკა თავის ორ მოქალაქეს არ გაიმეტებდა და დედასა და მეუღლეს ქვეყნიდან არ გაუგდებდა. მთელი სამართლებრივი პროცედურები თავის თავზე აიღო, მიუხედავად იმისა რომ განათლებით იურისტიც არაა. რომ არ მენერვიულა, მარწმუნებდა, რომ თუ მაინც მომთხოვდნენ წასვლას, ისიც ჩემთან ერთად წამოვიდოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და იმდროინდელმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, საიმიგრაციო სამსახურს ჩემთვის ამ ვალდებულების მოხსნის რეკომენდაციით მიმართა“.

ამის შემდეგ კი კარიერული „თავბრუსხვევაც“ იწყება. რა თქმა უნდა, მოსაყოლად მარტივია, თუმცა, „მთავარის“ რესპონდენტმა ურთულესი საფეხურები აიარა და სწორედ იმ მწვერვალზე ავიდა, მის ამბიციას რომ აკმაყოფილებდა.

———————————-

ჩვენ ვთანამშრომლობდითეფბიაი“-სთან . თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენდით, ეს საქმეები პირდაპირ მათთან მიდიოდა.

„რამდენიმე მოკლევადიანი სამსახურების შემდეგ როგორც იქნა მუშაობა დავიწყე უდიდეს ინგლისურ ფინანსურ კორპორაციაში,  HSBC ჩრდილოეთ ამერიკის ჰოლდინგში, რომელიც  მსოფლიო ბანკების სიაში სიდიდით მეხუთე ადგილზეა. ეს იყო ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულების პრევენციისა და აღკვეთის მიმართულება. დამწყები პოზიცია იყო. სწორედ მაშინ იქმნებოდა ეს გუნდი. ფულის გათეთრების გამომძიებელი მერქვა. ძალიან მოეწონათ, რომ ვფლობდი ენებს, განსაკუთრებით კი რუსულს, რადგან ძალიან ბევრი მდიდარი რუსი კლიენტი ჰყავთ.  ძალიან გაუხარდათ, რომ თარჯიმანი არ დასჭირდებოდათ. ფული კი არ უჭირთ, უბრალოდ, კონფიდენციალურ მასალებს რაც ცოტა ხალხი ნახავს, მით უკეთესია. ამიყვანეს, მილიონი ტრენინგი მაქვს გავლილი, მათ შორის გამოძიების ფედერალურ ბიუროში და ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურში, რადგან ფულის გათეთრება კრიმინალია და მე სწორედ ამას ვიძიებდი.   

ჩვენ ვთანამშრომლობდით „ეფ-ბი-აი“-სთან . თუ რაიმე დარღვევას აღმოვაჩენდით, ეს საქმეები პირდაპირ მათთან მიდიოდა. ამიტომაც სწორედ ისინი გვატრენინგებდბენ. შემოთავაზებაც კი მქონდა გადავსულიყავი მათთან სამუშაოდ ვაშინგტონში. თუმცა ცხოვრების იმ ეტაპზე საჯარო სამსახურში გადასვლისა და ნიუ იორკის დატოვებისგან თავი შევიკავე,“  – უყვება ნინო „მედიაცენტრ მთავარს“.  

პირველ სერიოზულ სამსახურს მალევე ვერტიკალზე დაწინაურება მოჰყვა. შემდეგ კი ინგლისური ბანკიდან ჩინეთის ბანკის ნიუ იორკის ფილიალში გადავიდა, სადაც ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მაღალი რანგის მენეჯერი გახდა.

„HSBC  ჩემი პირველი სერიოზული სამსახური იყო ეს. შემდეგ დამაწინაურეს ერთ წელიწადში და ასე ავდიოდი საფეხურებზე.  მოგვიანებით გადავედი ჩინეთის ბანკის ნიუ იორკის ფილიალში. ბანკთაშორის ურთიერთობათა დეპარტამენტის ფულის გათეთრების  წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების ხელმძღვანელად.  ეს  მთელ მსოფლიოში სიდიდით მესამე ბანკია. ჩემი კლიენტები თვითონ ბანკები არიან და მათ დოლარის ტრანზაქციებს ვუყურებ, ფულის გათეთრება რომ არ გამოგვეპაროს და ჩვენი ბანკი რამე შარში არ გაეხვიოს. ამ მიმართულებით მთელი მონიტორინგის სისტემა მე ავუწყვე და ძალიან კმაყოფილებიც იყვნენ“ – გვიყვება ნინო.

——————-

ოჯახი

ნინოს მეუღლე – მალხაზ მანგოშვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტია. ისინი თბილისში კლასელები იყვნენ და საერთო ბავშვობა აკავშირებთ. მასაც განათლება მიღებული აქვს ნიუ იორკში. ამჟამად იაპონური ბანკის ვიცე-პრეზიდენტია და გლობალური ბაზრების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებს.

წყვილს ორი შვილი – 9 წლის მარიამი და 4 წლის ანი ჰყავთ.  

„ჩემი პირველი შვილის გაჩენა და კოლუმბიის დაპლომი დღეებით ასცდნენ ერთმანეთს. ბავშვს ვაჩენდი და თან კომპიუტერი მქონდა  გვერდით“ – იხსენებს ნინო.

მედიაცენტრი მთავარი:“ თავბრუდამხვევი კარიერის, აწყობილი, ცივილური და უზრუნველყოფილი ცხოვრების მიუხედავად, ფიქრობ, რომ მთავარი მაინც შეუსრულებელი დაგრჩა, – რატომ გინდა დაბრუნება?

ნინო ტაბატაძე: ჩვენ სულ გვინდოდა საქართველოში დაბრუნება.  უცნაური დამთხვევაა, რომ ჩემი მეუღლე, რომელიც პრინციპში იქ გაიზარდა და ჩამოყალიბდა, მაინც სულ საქართველოში დაბრუნებას ნატრობდა. ჩემი ემიგრანტობა ხომ ძალიან მტკივნეული და აუტანელი იყო. ვერაფრით შევეგუე 9 მთას და 9 ზღვას იქით ცხოვრებას. გაბედვა ძნელი იყო, რამდენჯერმე დავგეგმეთ, მაგრამ მერე შეგვეშინდა. ბოლოს დავთქვით, რომ 2019 რომ დამთავრდება მერე წავიდეთ და იქ ვცადოთ.  ამისთვის ვემზადებოდით. პანდემია კარგად დაგვემთხვა, რადგან ამერიკა გადავიდა სახლიდან მუშაობის სისტემაზე, ეს გამოვიყენეთ. თუ შეიძლებოდასახლიდან გვემუშავა, ეს სახლი მაინც და მაინც მანჰეტენზე რატომ უნდა ყოფილიყო და რატომ არ შეიძლებოდა გვემუშავა საქართველოდან. ახლა სწორედ ასე ვართ, პირდაპირ ხაზზე თბილისიდან ნიუ იორკში.

მედიაცენტრი მთავარი:“  განსხვავება, რა გაკლიათ იქ და რას ივსებთ აქ

ნინო ტაბატაძე: ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია. ბავშვებთან ურთიერთობის დრო არ გვქონდა, მხოლოდ ვმუშაობდით და როცა არ ვმუშაობდით, ვემზადებოდით რომ გვემუშავა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ცხოვრება სადღაც ჩემს პარალელურად გადიოდა. მშობლების, ახლობლების გარეშე ცხოვრება, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს გარეშე მიმდინარეობდა თბილისში, მაქსიმუმ 5 წუთით “სკაიპის” ფანჯარაში გამოვჩენილიყავი. ყოველ ღამით ფანჯარასთან მდგომი ვუყურებდი ნიუ იორკის ცათამბჯენებს და ვფიქრობდი რომ იმ დროს თბილისში მზე ამოდიოდა და ეს მზე ჩემი აღარ იყო. დამტანჯა სენტიმენტებმა და მომწყინდა ონლაინში ცხოვრება. ნათქვამია ბედნიერები საათს არ უყურებენო. მე მგონი თანამედროვე ვარიანტში ბედნიერები “ფეისბუქს” არ ამოწმებენ, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ.

ბავშვები დადიან ქართულ სკოლაში და ქართულ ბაღში.  მეგობრები გვირჩევდნენ ინგლისურენოვან სკოლას, მაგრამ ამაში აზრი ვერ დავინახე. მარიმ ქართული საკმაოდ კარგად იცის, თავისუფლად კითხულობს წიგნებს, წერს და ძალიან მარტივად ადაპტირდა. მე კი სწორედ ის მინდა, რომ იგი ქართულად და ქართველად გაიზარდოს.  

ბავშვებს აქაურობა ძალიან მოსწონთ, ძალიან თბილი გარემოა,  დედას და მამას სცალია მათთვის, ამას გარდა არის 2 დიდი ოჯახი – ბებია-ბაბუების და თავი სამყაროს ცენტრი ჰქონიათ“ – ამბობს ნინო „მედიაცენტრ მთავართან“.  

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ყველა წევრი ამერიკის მოქალაქეა და კიდევ არაერთი „მიუხედავად იმისა“ არსებობს, დღემდე თვლიან, რომ მთავარი მისია შეუსრულებელია. რა არის ეს მისია ამაზე ნინო თავად საუბრობს.      

„ძალიან მინდა, მოვერგო აქაურობას, ადგილი ვნახო  და დავმკვიდრდე აქ. ადგილის ნახვაში ვგულისხმობ  ჩემი პროფილით მუშაობას, რომ ამ სოციუმში ჩემი ადგილი ვიპოვო. მინდა ამ საზოგადოების ნაწილი ვიყო. მგონია, რომ შესაბამისი განათლებაც მაქვს, გამოცდილებაც, რომ ჩემს ქვეყანაში  ჩემი ადგილი ვიპოვო.  თუ ვერ ვიპოვე, წასასვლელი მაქვს, უბრალოდ, არ მინდა, რომ წავიდე.

მინდა ჩემი შვილები აქ გაიზარდონ. დიდ ოჯახში რომ იზრდები ეს ძალიან ბევრ რამეს იძლევა. ჩემი წინაპრებისგან  სხვა ურთიერთობები, სხვა გარემო, სხვა სითბო მახოვს და ეს მინდა, რომ ჩემს შვილებსაც ჰქონდეთ და შეიგრძნონ. შეიძლება დრომოჭმულია რასაც ვამბობ და არ არის პოპულარული, მაგრამ ძლიერი ოჯახის ინსტიტუტი განგვასხვავებს ამერიკელებისგან. არ ვიცი სად იცხოვრებენ ბავშვები როცა გაიზრდებიან, ვუშვებ, რომ დაბრუნდებიან ამერიკაში, მაგრამ მე მინდა და ამის ფუნდამენტს ვქმნი, რომ სადაც არ უნდა იყონ, მათ საქართველოსთვის სასარგებლო საქმე აკეთონ“.

მედიაცენტრი მთავარი: როგორ წარმოგიდგენია შენი ადგილი ამ სოციუმში.  ბევრი წარმატებული ქართველი ამბობს, რომ უნდა დაბრუნება,  ჩამოსულან კიდეც, მაგრამ,  უკან მიდიან

ნინო ტაბატაძე: „ხელფასითა და შემოსავლით არ ვადარებ ამერიკას საქართველოს. ხელფასი არ არის აბსოლუტური ღირებულება ჩემთვის. ამ ხელფასით რაღაც უნდა ვიყიდო და ხელფასი უნდა იყოს მსყიდველობითუნარიანი. ცხოვრება ნიუ იურკში და ცხოვრება საქართველოში ერთნაირი ვერ იქნება… მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პროფესიული თვალსაზრისით დაკავებული ვარ, ვაკანსიებს აქტიურად ვათვალიერებ, გასაუბრებებზე დავდივარ და რამდენიმე შემოთავაზებაც მქონდა. ანუ იმას ვამბობ რომ მზად ვარ გადმოვიდე ქართულ სამსახურში და გასამრჯელოდ ავიღო ქართული ლარი. მაგრამ ეს ლარის ხელფასი მსყიდველობითუნარიანი უნდა იყოს,  აქაური რეალობის გათვალისწინებით კარგი ხელფასი უნდა იყოს და არა ამერიკის სტანდარტებით.  ჩემთვის შემოსავალი ხარჯთან შეფარდებით იანგარიშება.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ ჩაიარა გასაუბრების პროცესმა?

ნინო ტაბატაძე: სხვადასხვაგვარად. იყო სასიამოვნო გასაუბრებები, სადაც აღიარებენ შენს ცოდნას და გამოცდილებას, თუმცა არსებული საბაზრო სიტუაციის გამო, ვერ გთავაზობენ იმდენს, რამდენსაც იმსახურებ, წუხილსაც გამოხატავენ ამის გამო. თუმცა, იყო უკმეხი გასაუბრებებიც. თქვენ ამერიკიდან ჩამოხვედით, თავში გაქვთ რაღაც ავარდნილი,  ჩემს ადგილს ხომ არ დაგითმობთ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ კი იმითაც გამაოცეს, რომ მეორე ტურში ვერ გადახვედიო, მომწერეს.

მედიაცენტრი მთავარი:“ როგორ საქართველოში დაბრუნდებოდი?

ნინო ტაბატაძე: საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ. გასულ წელს 5ჯერ ჩამოვედი. ჩამოვდივარ, ვიღებ ენერგიას, როგორც ტელეფონს ტენიან ისე და ვბრუნდები უკან.  მე მიყვარს აქაურობა, თავისი უწესრიგობით, ქაოსით, ალბათ იმიტომ რომ მეც აქაური ვარ და ვერაფრით გავხდი ამერიკელი. ქართველებს წესები არ გვიყვარს, ხასიათი გვაქვს ასეთი. ყველაზე კარგი ტიპი ისაა, ვინც ყველაზე მაგრად არ ემორჩილება რეგულაციებს. ვინც ზღვაში ყველაზე ღრმად შედის, წითელი ლენტის იქით, ვინც გადაჭარბებული სიჩქარით დაქრის. მე ამის გამო ვერავის გავაკრიტიკებ, რაღაცნაირად მეც ასეთი ვარ ალბათ და იმიტომ. მაგრამ ამ „საყვარელ დაუმორჩილებლობას“ ბევრი ცუდი მოაქვს ზოგადად მაკრო დონეზე. მე რადგან უფრო მოწესრიგებულ და დალაგებულ ქვეყანაში ვცხოვრობ და უკეთესი გამოცდილება მაქვს, სწორედ ის მინდა აქ გადმოვიტანო. ამერიკაში ძალიან ბევრი წარმატებული ქართველია, ვისაც მე ვიცნობ და ვისი გამოცდილებაც ძალიან დასაფასებელი იქნებოდა. სულ მიდის აპელირება იმაზე, რომ არ გვყავს კადრები, საჯარო თუ კერძო სექტორში. არადა ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანია თუნდაც ამერიკაში, ნებისმიერ სფეროში, ეკონომიკა გნებავთ, სამართალი, მედიცინა თუ კულტურა.  ვიცი ისიც, რომ რამდენიმე დაბრუნდა მაგრამ, რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ამერიკაში შემხვდნენ, ვერ იპოვეს აქ ადგილი. „სივებითდადიოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებთან მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

მეც ძალიან მინდა,  რაც შევიძინე და რა გამოცდილებაც მივიღე დავაბრუნო ჩემს ქვეყანაში, მისი ინვესტირება სწორედ აქ მოვახდინო.

და კიდევ ერთი, „მედიაცენტრი მთავარის“ გმირი ამერიკაში ე.წ. კეთილი ელჩის ფუნქციასაც ითავსებს. საკუთარ ნაცნობობას ხშირად იყენებს იმისთვის, რომ ინვესტიციები საქართველოსკენ გადმოამისამართოს, თუმცა, დაინტერესება აქაც ნულოვანია.    

„იქ ძალიან ბევრ ბიზნესმენს ვიცნობ, ჩემი “კლიენტები” იყვნენ და ბანკიდან მქონდა ურთიერთობა. ყველას საქართველოზე ვესაუბრებოდი, ბუკლეტებს ვატანდი, ვაცნობდი, მინდოდა ჩამომეყვანა, ფული ჩაედოთ. ეს იყო ე.წ. სახალხო დიპლომატია.  მინდოდა, ეს ხალხი აქ ჩამომეყვანა, მაგრამ, ამისთვის საჭირო იყო სტატუსი. აქედანაც ვიღაც სერიოზული და კომპეტენტური რომ ჩართულიყო ამ საქმეში ან ჩემთვის მოეცათ ის სტატუსი რომ  მე ინვესტორთან საქართველოს სახელით მესაუბრა. საქართველოს მხრიდან უნდა მყოლოდა ვიღაც. სულ ამაზე ვფიქრობდი, თუმცა, სამწუხაროდ აქედან არავინ დაინტერესდა, ან მე ვერ მივაწვდინე საჭირო ადამიანებს ხმა“ – გვიყვება ნინო.  

ასეთიამედიაცენტრი მთავარშინინო ტაბატაძის მოკლე პროფილიმოსაყოლი კიდევ საკმაოდ ბევრია, რომელსაცმედიაცენტრი მთავარიპანდემიის გადავლის შემდეგ, ნიუ იურკიდან გაგაცნობთ.     

პროფილის ავტორი:  ეკა გულუა

მსგავსი თემები