ვაშლიჯვრის მაცხოვრებლები იზოლაციაში აღმოჩდნენ – ვერც წინ მიდიან, ვერც მარჯვნივ და ვერც მარცხნივ

„მედიაცენტრმა მთავარმა“ ეს ფოტოები თბილისში, ვაშლიჯვრის ასახვევთან ე.წ. მწვანე კორპუსთან გადაიღო. ერთ მშვენიერ დრეს, კორპუსის მაცხოვრებლებს, საკუთარი ეზოდან გამოცვლისას ეს სურათ დახვდათ. კორპუსის წინ, ეზოდან გამოსასვლელში ე.წ. კუნძული სპეციალური ამკრძალავი ნიშნებით და იზოლირებული მოსახლეობა, რომელსაც საკუთარი სახლიდან სამსახურის მიმართულებით გადაადგილება აეკრძალა.

ეს ყველაფერი კურიოზია, შემთხვევითობა, გაუთვლელობა თუ სხვა რამ ვერ გეტყვით, თუმცა, უკეთ გასაგებად, ადგილობრივები თავად გვიყვებიან, როგორ აღმოჩდნენ ამ გაურკვევლობაში.

„წლებია ამ კორპუსში ვცხოვრობთ. კორპუსის ეზოს აქვს ერთი გასასვლელი, რომლითაც მანქანები გაგვყავს და შემოვდივართ. თუ ჩემი მიმართულება არის გოძიაშვილის ქუჩა, ანუ „ლისის“ მიმართულება და ყოველ დილით სამსახურში ამ მიმართულებით მიწევს წასვლა, ვერ წავალ, რადგან წინ მწვანე „ბოძები“ დამიყენეს, თუ მარჯვნივ მაქვს გზა, ვერც იქით წავალ, რადგან, გზა ცალმხრივი გახადეს, თუ მარცხენა, მარშალ გელოვანის გამზირზე, „გაგარინის“ მიმართულებით მაქვს სამსახური, ვერც მარცხნივ წავალ, რადგან აქაც ამკრძალავი ნიშანი დააყენეს. ერთადერთი, რა მიმართულებითაც სახლიდან გამოსულს შემიძლია ვიმოძრაო, ახალი ხიდია, რომელიც დიღმის მიმართულებით მიდის. გეკითხებით, რას ნიშნავს ეს. ამ კორპუსში ხომ ასობით ადამიანი ცხოვრობს, ვისაც სამსახური ხან ერთი მიმართულებით აქვს, ხან მეორე, არადა, მეუბნებიან, რომ გინდა თუ არა, დიღმის მიმართულებით უნდა წავიდე. ეს ყველაფერი რამე ახალი სტანდარტია?“ – აცხადებენ „მწვანე კორპუსის“ მაცხოვრებლები „მედიაცენტრ მთავართან.

მათივე თქმით, ანალოგიური ხდება სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებითაც. „თუ ზევიდან, ანუ ლისის მხრიდან ჩამოვდივარ სახლში და აგერ ჩემს წინ არის ჩემი კორპუსი, ეზოში შესვლა არ შემიძლია. უნდა ავიდე ხიდზე, წავიდე დიღმის მიმართულებით, მოვტრიალდე აღმაშენებლის ძეგლთან, ავიდე სოფელ დიღმისკენ, მოვხვდე საცობებში და ამხელა გზის გავლის შმდეგ შემიძლია მოვხვდე საკუთარ სახლში. ძალიან დავიტანჯეთ, როცა დილაობით სკოლაში დაგვყავდა ბავშვები, იცით დილით როგორი საცობებია და იმ მიმართულებით ვერ მივდივართ, საითაც უნდა წავიდეთ და სხვა მიმართულებით უნდა ვიაროთ“ – აცხადებს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

ადგილობრივები საკითხის მოგვარებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეს პრობლემა განსაკუთრებით რთულია პიკის საათებში, როცა საცობებია და მათ სრულიად გაუმართლებლად შემოვლითი გზებით უწევთ სახლიდან გასვლა და დაბრუნება.      

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება.

მსგავსი თემები