„პროკურატურას ხალხის სამსახურში ჩავაყენებ და არავის ექნება ეჭვი, რომ ის დავალებას ასრულებს“ – პროკურორობის კანდიდატი

“პროკურატურა ხალხის სამსახურში უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან სუბიექტის. სისტემაში სწორედ იმიტომ მივდივარ, რომ პროკურატურა ჩადგეს ხალხის სამსახურში“, – ეს განცხადება მთავარი პროკურორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

კანდიდატმა იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაც დღეს პროკურატურის სისტემაში არსებობს და მთავარ გამოწვევად სისტემის პოლიტიზირება დაასახელა.

„რა თქმა უნდა, კონკრეტული იდეები და მოთხოვნები მაქვს.  აუცილებლად მოვახდენ ადამიანური რესურსების ძირეულ ცვლილებებს; ყურადღებას გავამახვილებ პროფესიული კუთხით და ავამაღლებ კვალიფიკაციას. კვალიფიკაციის ამაღლებაში კონკრეტულ საკითხს ვგულისხმობ. პრობლემაა ის, რომ დღეს, გამოძიება სრულყოფილი და ობიექტური არ არის. ასევე, პრობლემაა ისიც, რომ  პროკურატურა პოლიტიკურ ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე ხალხის ინტერესებს,“ – განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.  

ალექსანდრე კობაიძე კიდევ ერთ მასშტაბურ პრობლემად იმას ასახელებს, რომ პროკურორები გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ.

„სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა მთავარი პროკურატურა. ჩემი მოსვლის შემთხვევაში, კი ამას არ დავუშვებ. ხალხის სამსახურში ჩავაყენებ პროკურატურას და არავის არ ექნება ეჭვი, რომ ის რაიმე ფორმით პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება. პროკურატურა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ უფლება-მოვალეობას შეასრულებს, რაც საჯარო და კერძო ინტერესებში, კანონმდებლობითაა გაწერილი. სამწუხაროდ, დღესდღეობით პროკურატურაში უმეტესობა მხოლოდ და მხოლოდ გამხმოვანებლებად მოგვევლინებიან ხოლმე სასამართლო პროცესებზე და არა საქმის მასალების მცოდნედ. ზოგადად, მართლმსაჯულებაში სახელმწიფო უფრო სუსტია“ – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურორის ვაკანტურ პოზიციაზე, ამ ეტაპისთვის, საპროკურორო საბჭოში 14 კანდიდატია წარდგენილი. კანდიდატების წარდგენის ვადა კი დღეს, 17 დეკემბერს იწურება.       

 


მსგავსი თემები