„ღია საზოგადოების ფონდი“ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს პასუხობს, რომელმაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ წლების განმავლობაში კონტრაქტით თანამშრომლობდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დღეს მისი დიპლომის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ასეთ ორგანიზაციებს შორის შალვა თადუმაძემ „ღია საზოგადოება საქართველო“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაასახელა.
„9 ოქტომბერს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საპარლამენტო მოსმენისას, კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ ლევან კობერიძის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ იგი „საკმაოდ მაღალანაზღაურებადი“ იურისტის სტატუსით ჩართული იყო „ღია საზოგადოების საქართველოს ფონდიდან“ და ცენტრალური ოფისიდან დაფინანსებულ პროგრამებში და მისი დიპლომი მაშინ არ ყოფილა ბარიერი თანამშრომლობისთვის.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შალვა თადუმაძეს არასოდეს ჰქონია არც შრომითი და არც სხვა სახის პირდაპირი თანამშრომლობითი ხელშეკრულება „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდთან“. შესაბამისად, მას არასოდეს მოუწევდა დიპლომის წარმოდგენა ფონდში.
საქართველოში არსებობის 25 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსებული ასობით პროექტიდან, შალვა თადუმაძე შესაძლოა, ჩართული ყოფილიყო რომელიმე პროექტის განხორციელებაში. ასეთ შემთხვევაში ფონდი არასოდეს ითხოვს პროექტში მონაწილე პირთა დიპლომებს და ენდობა წარმოდგენილ პროფესიულ რეზიუმეს“, – აღნიშნულია ფონდის განცხადებაში.