“პრემიერის მიღება აშშ-ს პრეზიდენტთან რადიკალური ოპოზიციის წასახალისებლად გაუქმდა”- კალაძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე, კახა კალაძემ, თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე „რადიკალური ოპოზიციის“ წასახალისებლად გაუქმდა.

„ალბათ რთულია მოიძიო დიპლომატიაში მსგავსი მაგალითი, რაც ახლახანს ვიხილეთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიწვევა აშშ-ის პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებაზე მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ შემდგომ მიწვევის გაუქმებით წაეხალისებინათ რადიკალური ოპოზიცია. თუმცა, დღევანდელ ამ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ოპოზიციას არაფერი და ვერაფერი უშველის.

რადიკალიზმი ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის. ამ პროვოკაციას, ვფიქრობ, თავისი სახელი აუცილებლად დაერქმევა, რადგან ისტორია ყოველთვის თავის ადგილს უჩენს მსგავს ფაქტებს“ – თქვა კახა კალაძემ.

25 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გაუუქმა მიწვევა მიღებაზე, რომელსაც პრეზიდენტი ტრადიციულად მართავს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებისთვის.

მსგავსი თემები