კვებითი ინტოქსიკაციის სავარაუდო ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქობულეთში საშაურმე შეამოწმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქობულეთში საშაურმეში “გივის შაურმა ნაკვერჩხალზე”  არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან 8 ადამიანის სავარაუდო კვებითი ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა.

“ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორი არ არის რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და იმავე მისამართზე ფლობს საწარმოს, რომელიც ფუნქციონირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. შედეგად, ობიექტი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე გაიცა რეკომენდაციები”, – წერია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებიც მიკრობიოლოგიური კვლევისათვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაიგზავნა და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას კვლევის შედეგების მიღებისთანავე აცნობებენ.

მსგავსი თემები