დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ასათიანის განცხადებით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე მისი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა, რაც ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს.

,,მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა და ის ასევე, ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს, ისევე, როგორც წარმოადგენს ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი იქნება და ეს ევროპის მასშტაბით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას წარმოადგენს და ემსახურება მიზანს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით”, – განაცხადა დავით ასათიანმა.

 

მსგავსი თემები