უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება მოკავშირეობის ,,ფილოსოფიას” შეიცავს და ,,ხიდია” უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისკენ. ამის შესახებ მან ჯო ბაიდენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იტალიაში განაცხადა.
,,დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა. უძლიერესი შეთანხმება შეინარჩუნებს ადამიანების სიცოცხლეს და შეიცავს დებულებებს ომის დასრულების შემდეგ მდგრადი მშვიდობისთვის გადასადგმელ ნაბიჯებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ,,რუსეთი რეალური გლობალური საფრთხეა”.
ზელენსკი ასევე ამბობს, რომ შეერთებულ შტატებთან გაფორმებული შეთანხმება უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა იარაღის გადაცემას მოიცავს, რომელსაც ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ითხოვს.