„ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ“ – შალვა პაპუაშვილი

„35 წლის წინ აქ, ამ გამზირზე შეკრებილმა ქართველმა ერმა შეჰფიცა, რომ არ დათმობდა თავის სამშობლოს, არ უღალატებდა საკუთარ მრწამსს, არ გადაუხვევდა თავისუფლების გზიდან და ფიცისთანავე საკუთარი სისხლით დაამტკიცა მიღებული ურყევი გადაწყვეტილება“ – ასე დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ აქციის მონაწილეების მიმართ მიმართვა.

მისი თქმით, ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და დავიწყეთ სვლა თავისუფლებისკენ, შევუდექით საკუთარი თავის ხელახალი შეცნობის მძიმე, მაგრამ გარდაუვალ გზას და მოვედით დღევანდელ დღემდე.

„ვხედავთ, ზოგიერთის სურვილს, რომ საქართველო იყოს სხვა ძალების ინტერესების გატარების ინსტრუმენტი, სხვების ნება-სურვილის შემსრულებელი სატელიტი ქვეყანა. ჩვენთვის კი მთავარი ამოსავალი პრინციპი იყო და დარჩება ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ამიტომაც არის, რომ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენს დამოუკიდებლობას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეროვნულ თვითმყოფადობას, ხდება პრინციპული საკითხი ნებისმიერთან ურთიერთობაში – იქნება ეს მტერი თუ მოყვარე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს გაწევრიანება ნებისმიერ გაერთიანებაში, უნდა ემსახურებოდეს უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებს და არა პირიქით.

ის, რომ ჩვენ ქართულ ინტერესებს ვიცავთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს წინააღმდეგ გამოვდივართ. პირიქით, საქართველოს და ქართველებს მხოლოდ მაშინ გვცემენ პატივს, როგორც თანასწორ სახელმწიფოსა და ერს, როდესაც ჩვენ მტკიცედ დავდგებით ჩვენი ღირებულებების და ინტერესების სადარაჯოზე“ – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ აქციაზე.

 

 

მსგავსი თემები