საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება

საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა, რომელმაც ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც, ჩინეთის მხრიდან დასრულებულია 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ შეთანხმების“ ძალაში შესვლის პროცედურები.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე 2024 წლის 28 მაისიდან საშუალება ეძლევათ, უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.

ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესების შესახებ კი, მიმდინარე წლის 26 თებერვალს გახდა ცნობილი.

მსგავსი თემები