ადვოკატებს ექსპერტიზის ახალი დასკვნა აქვთ და ითხოვენ გაუქმდეს გამოძიების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება – თათუხაშვილის საქმე

შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმეზე უფლებადამცველებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს. ისინი ითხოვენ, პროკურატურამ გააუქმოს გადაწყვეტილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ასევე, მამა, გოგი თათუხაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნონ, რათა მასალებს სრულად გაეცნოს.

ადვოკატი ამბობს, რომ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალებიდან უკვე 10 წელი გავიდა, თუმცა დღემდე არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები, რაც “მიანიშნებენ იმისკენ რომ საქმე გვაქვს არა უბრალოდ გარდაცვალების შემთხვევასთან, არამედ, შესაძლო წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან და შესაძლო მკვლელობასთანაც კი”.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ახალი ექსპერტიზა მიმდინარე წლის 21 მარტს დასრულდა:

,,ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის ის, რომ თავის დროზე სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნა არ არის სრულყოფილი და არ არის დადგენილი ჯეროვანი გამოკვლევის შედეგად სიკვდილის ზუსტი მიზეზი. ბუნებრივია, ერთი შეხედვითაც საეჭვო გარემოებები იკვეთებოდა, მათ შორის ის, რომ როგორ შეიძლება დაცვის სპეციალური ღონისძიების ქვეშ მყოფი პირი ასე უბრალოდ, შემთხვევით გარდაიცვალოს. ეს ბევრ კითხვას აჩენდა, ხოლო ამ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მისი გარდაცვალება არ გამოუწვევია იმ მიზეზებს მხოლოდ, რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ თავის დროზე დაადგინა.

ის ინდიკატორები, ის შედეგები რაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გაასაჯაროვა, ამ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დგება ეჭვქვეშ, მათ შორის ალკოჰოლის შემცველობა სისხლში, ყურადღებაა გამახვილებული იმაზე, რომ მაიორ თათუხაშვილს ჰქონდა სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები მიყენებული და ამ დაზიანებების ხარისხი, ადგილმდებარეობა და მიყენების მექანიზმები აჩენს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ განხორციელდა მის მიმართ წამება ან არაადამიანური მოპყრობა”, – ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ შალვა თათუხაშვილი 2014 წლის 24 თებერვალს ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მოწმის სახით დაკითხეს, მან ჩვენება მისცა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დათა ახალაიას წინააღმდეგ. უწყებამ ის მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩართო.

უწყების ცნობითვე, 25 თებერვალს, თათუხაშვილმა პირადი ნივთების აღების მიზნით, დაცვას მის საცხოვრებელ სახლში მიყვანა მოსთხოვა, საიდანაც გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა.

მთავარი პროკურატურის თანამშრომლები ამბობენ, რომ მოწმე შალვა თათუხაშვილი ფიზიკურად აღარ უნახავთ 18 მარტის შემდეგ. ექსპერტიზა ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა 2014 წლის 23 მარტის დაახლოებით 23:00 საათზე, მიზეზი გახდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, განვითარებული ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერებების მოქმედების ფონზე.

ალტერნატიული ექსპერტიზაც და პროკურატურის მიერ გასაჯაროებულიც ამბობდა, რომ თათუხაშვილს სხეულზე ბლაგვი საგნით მიღებული დაზიანებები ჰქონდა. ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა.

მსგავსი თემები